შაბათი , იანვარი 21 2017
15934427_1342435805787227_56288132_n

2016. 01. 08. “ნაციონალი” გინდა ღობის იქით დააბი, გინდა – ღობის აქეთ, მაინც “ნაციონალია”!

 216 ნახვა

ნიკა გვარამიას წამოარტყეს. ნიკა გვარამია გაბრაზდა – თავდამსხმელთა ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდესო. კარგად აქვს გაზეპირებული საბჭოთა ლოზუნგები – ისინი იძახდნენ, უსაქმურთა ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდესო! სხვა ლოზუნგებიც იცის – მაგალითად: დედაო საქართველოვ, ენდე მარინა ბერიძესო!
გვარამიები და ბერიძეები ეცნენ შსს-ს, აუცილებლად დაწვით დამნაშავეების ფეხქვეშ მიწაო. დაწვეს, პატარა “გრეჩიხა” დააპატიმრეს – რატი გაჩეჩილაძე ყოფილა!
ქართველი ერი ბჭობს… ექიმები აცხადებენ, ნიკა გვარამიას მდგომარეობა სტაბილურიაო. ეჭვი მეპარება, მისი მდგომარეობა არასოდეს იყო სტაბილური – არც მაშინ, როცა ბადრი პატარკაციშვილისა და სხვების საქმეებს კერავდა!
გიგილო უგულავას გაურკვევია, მიშა უკრაინაში არ არისო. არადა, შეხვედრა მინდაო:
“მე როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მე მართლა მაქვს გულწრფელად სურვილი, რომ შევხვდე და თუ ერთი პროცენტი არსებობს იმისი, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ამ აზრზე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი მაინც ყველა მხრიდან ამ აზრზეა. ჩემთვის აბსოლუტურად უდავოა, რომ ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან ამ ქვეყნის პრობლემა არაა ”ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირება, ამ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პრობლემა და ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი”.
თუ ბატონი გიგილო არ მოეშვება ბიძინა ივანიშვილის ასეთ კონტექსტში ხსენებას, ნუ გამოვრიცხავთ, ისევ შეაბრუნონ “კურორტზე”. მეგონა, ეს “ნაწამები” ადამიანი ერთი კვირა მაინც დაეგდებოდა სახლში და მერე დაიწყებდა ბოდიალს, მაგრამ არა, გადმოდგა თუ არა ფეხი საკნიდან, ეგრევე აკრიფა “ნაციონალური”. მრჩება შთაბეჭდილება, რომ აზრზე არაა, რა ხდება გარეთ და “ნაციონალურ მოძრაობაში”, ისევ ძველი დრო ჰგონია. ამან ჯერჯერობით მხოლოდ ის გაარკვია, რომ მიშა არ არის უკრაინაში. ჩვენაო, ჩვენი პრინციპებიდან არ უნდა გადავიდეთო. ჰმ… ვიცით, გიგილო, რომ თქვენი გამოსწორება შეუძლებელია!
 
გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აცხადებს, “ნაციონალების” ყველა ლიდერი დამნაშავეაო:
 
„არა მგონია, ბარიერს იქეთ ან აქეთ მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი არ იყოს დამნაშავე თუნდაც ირიბად იმ ოჯახების გაუბედურებაში, რომლებიც არაერთი გვყავს საქართველოში. ბიზნესმენებს აღარ ჩამოვთვლი და წართმეულ და წაგლეჯილ ქონებას. რასაკვირველია, მთელი ცხოვრება ციხეში ვერ იჯდებოდა. ამნისტიაც შეეხო, რომელიც ჩვენი კანონით არის გარანტირებული ამ მუხლისთვის, რომელსაც ექვემდებარება მისი დანაშაული, მაგრამ ეს ყველაფერი წუთიერია, ძალიან მოკლე პერიოდია საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისთვის”.
 
არა, ბატონო გია, არ არიან ეგენი დამნაშავეები… რომ ყოფილიყვნენ, მაშინ დასჯიდა თქვენი ხელისუფლება. ესე იგი, თქვენ ამბობთ რომ დამნაშავეები არიან, მაგრამ ისინი ისევ ფინანსდებიან ბიუჯეტიდან და ისევ თავისუფლად დასეირნობენ რესტორნებში. ჩვენზე მეტი შესაძლებლობები და ფული აქვთ. ვიღაცამ წამოარტყა გვარამიას და მთელი საქართველო ფეხზე დადგა. “ქართული ოცნების” წევრი რომ გაეგდოთ ფეხქვეშ, ასე არ შეძრწუნდებოდით. ჩვენ დამნაშავეები ვიცით ციხეში და არა პარლამენტში!
 
ეკა ბესელია ამბობს, უგულავა კი გამოუშვეს, მაგრამ სასამართლოს არ გაუმართლებიაო. საღოლ, ესე იგი, არ გაუმართლებია და გაათავისუფლეს? მაგარი სასამართლო ჩამოაყალიბეთ:
 
„მე არ ვთვლი, რომ ის პოლიტპატიმარია, თუმცა ყველა კითხვა, რომელიც კი შეიძლება იყოს და გაჩნდეს გათავისუფლების, ან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უნდა იყოს სასამართლოსთან. გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ქართულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, მან გარკვეული სასჯელი მოიხადა, თუმცა როგორც ვიცი, გარკვეული ეპიზოდები არის დარჩენილი. სამოხელეო დანაშაულისთვის მას მსჯავრი დაედო, ხოლო სასამართლომ კვალიფიკაცია შეცვალა, მე სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ, რადგან არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელითაც ის არ გამართლებულა. მას სასაჯელი, რაც ჰქონდა განაჩენით დადგენილი, შეუმცირდა, თუმცა სამოხელეო დანაშაულში ის დამნაშავედ ცნეს. სხვა საქმეებზე ვერ გეტყვით, რომლებზეც სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს“.
 
მე სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ, რადგან არ ვიციო. თუ არ იცით, რაღას ლაპარაკობთ? არა, მართლა არ გცოდნიათ, სასამართლომ უგულავა რიგ საკითხებში დამნაშავედ არ სცნო, მათ შორის, რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხში, დანარჩენი კი გაუქვითა იმ “სროკში”, რაც იჯდა კურორტ “მატროსოვში”!
 
“ნაციონალების” დეპუტატი, ზაზა ბიბილიაშვილი ამტკიცებს, ხვალ ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოასრიალებენო. მოასრიალონ, მერე რა? “ნაციონალი” გინდა ღობის იქით დააბი, გინდა – ღობის აქეთ, მაინც “ნაციონალია”. ისე ვატყობ, მალე ვნახავთ მელიას “ოცნებაში” გადაბარგებულს. შეიძლება სხვა ფრაქცია შექმნას იჯარით გადაცემული დეპუტატების ხარჯზე, რა პრობლემაა?
 
დღეისათვის სულ ეს იყო, ესეც საკმარისია გასართობად!
ლევან ნატროშვილი
დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

1423295677_1404828062_1372328536_merabishvili-vano

ვანო მერაბიშვილი: მე თანხმობა არ განმიცხადებია!

  პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი რამდენიმე წინადადებიან განცხადებას ავრცელებს: “მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი …