შაბათი , იანვარი 21 2017
15910351_1339464769417664_132958611_n

ვალერი ხაბურძანია: მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტებისა, ამერიკელები მას ვერ აღიქვამდნენ თავიანთ კაცად!

 414 ნახვა

საქართველოში ანტირუსულ პროპაგანდაზე ლაპარაკობენ. ამ დროს სად არის რუსული პროპაგანდა? რატომ არის მუდმივად შატნაჟის მდგომარეობაში დღევანდელი ხელისუფლება? როგორც ჩანს, ეს ამერიკელებს აწყობთ, თუ რატომ აწყობთ მათ არასტაბილური სიტუაცია საქართველოში, ეს სხვა საკითხია.

მე ვფიქრობ, დღეს მთავარი მიზეზი არის ის, რაც დაახლოებით ჩემი მინისტრობის დროს იყო. ამერიკელები დღევანდელი ხელისუფლების პირველ პირებს ვერ აღიქვამენ თავიანთ ხალხად. გავიხსენოთ, მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტებისა, ისინი მას ვერ აღიქვამდნენ თავიანთ კაცად. მარგველაშვილს უფრო ნდობით უყურებენ და კიდევ რამოდენიმე ადამიანს. სამწუხაროდ, ამერიკელებს ჯერ კიდევ თავიანთ კაცებად მიაჩნიათ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი. თუმცა ამ უკანასკნელის ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოიქცევა. ბიძინა ივანიშვილს “რუსი ოლიგარქის” იარლიყი მიაკერეს, ამის შესახებ ამერიკულ პრესაში რამოდენიმეჯერ დაიწერა და ახლა ეს იარლიყი ძნელი მოსაშორებელია. ამერიკელები ასეთები არიან, მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ იარლიყი მოგაკერეს, მერე თავიც რომ გადადო მათთვის, ვერ მოიშორებ.

ახლა მოვყვები ერთ მომენტს ჩემი შემთხვევიდან, ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ რაკი სიტყვამ მოიტანა, გავიხსენებ: როდესაც უშიშროების მინისტრად დავინიშნე, ამერიკელებისთვის ეს იყო ცოტა გაუგებარი, განსაკუთრებით სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფისთვის. მანამდე მე ანტიკორუფციული კანონი შევიმუშავე და ამ კუთხით ამერიკელებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდი, სისტემა მიცნობდა, მაგრამ ვიყავი უცნობი სპეცსამსახურების ჯგუფისთვის. თავიდან თითქოს ურთიერთობა ნორმალურად წარიმართა, მაგრამ მერე დაიწყო არევები. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დავიწყე რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსება. ამერიკელები მოვიდნენ და პირდაპირ განმიცხადეს: ჩვენ ამ დაბალანსებას ვერ ავიტანთო. მე მაშინვე წავედი ამერიკაში, იქ პოლიტიკურ დონეზე მომიწონეს დაბალანსების მცდელობა, მაგრამ როგორც კი დავბრუნდი, ამერიკელი რეზიდენტი, რომელიც ჩემთან კონტაქტობდა, ისევ იყო გულმოსული, ისევ იგონებდა რაღაცებს, ქმნიდა პრობლემებს და ასე შემდეგ.

პირდაპირ ვიტყვი, ირაკლი ალასანიას, რომელიც მაშინ ჩემი მოადგილე იყო, რაღაც-რაღაცები არასწორად მიჰქონდა რეზიდენტთან. გარდა ამისა, თედო ჯაფარიძეც, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ, ძალიან ცუდად მუშაობდა ჩემს წინააღმდეგ. ეს არის ქართული ვარიანტი, ამას ამერიკელებს ნუ დავაბრალებთ. ესენი თვლიან, რომ ეს სივრცე არის მათი და წინსვლის საშუალებას არ მოგცემენ. თედოც და ირაკლიც კარგად იცნობდნენ ამ ადამიანებს და სხვათა შორის, პირადი ურთიერთობებით ამერიკაში ძალიან ბევრი რამ კეთდება. როგორც კი ეს ვიგრძენი, შევეცადე, ამერიკელებთან დამელაგებინა ურთიერთობები, ამისი გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ჩემთან მუშაობდა ერთი მეგობარი, ძალიან კარგი კაცი, სერგო ძაგნიძე, რომელიც თავის დროზე პოსტსაბჭოთა სივრციდან იყო “ეფბიაის” აკადემიის პირველი მსმენელი. მას ამ წრეებში ჰყავდა ბევრი ნაცნობ-მეგობრები. როგორც კი ძაგნიძის დახმარებით “ეფბიაისთან” ურთიერთობები გავარკვიე, ამან უფრო გააბრაზა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც, თედო ჯაფარიძეც და ირაკლი ალასანიაც.

მეტსაც გეტვით, როდესაც მომზადდა ჩემი ვიზიტი “ეფბიაიში”, აქედან პირდაპირ იყო სატელეფონო ზარები, რომ მე იმჟამინდელი ხელმძღვანელი, რობერტ მიულერი არ შემხვედროდა. როდესაც ამერიკიდან დავბრუნდი, შევარდნაძეს ამბავი მიუტანეს, თითქოს მიულერმა არ მიმიღო. ირონიულად მითხრა: რაო, არ მიგიღესო? მე იძულებული გავხდი, შევარდნაძისთვის ვიედო-კადრები და ფოტოები მენახვებინა. რატომ ვამბობ ამას? რაც არ უნდა ემუშავა ღარიბაშვილს, თუ მისი გუნდიდან და არა მარტო მისი გუნდიდან ხელის შეშლა იქნებოდა, მით უმეტეს, “ნაციონალებიდან”, ამერიკელები ყოველთვის ეჭვის თვალით შეხედავდნენ.

მერე მე ამ საკითხებზე ირაკლი ალასანიას ველაპარაკე, თედო ჯაფარიძესთანაც მკაცრი საუბარი მქონდა, მათ ყველაფერი უარყვეს, მაგრამ მე მქონდა 100-პროცენტიანი ინფორმაცია, რომ მათ ამბები მიჰქონდათ სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფთან, რომელიც საქართველოში მუშაობდა. ვიმეორებ, ეს ქართული ჩვეულებაა, ურთიერთობები და პოლიტიკა ამათთვის ბიზნესია, გაჭრიან რაღაც არხს და ცდილობენ, იქ არ ჩაგახედონ, სახელმწიფო ინტერესებზე არავინ ფიქრობს. ესე იგი, თვითონ ვისებიც არიან, იმათთან არავინ მიგიშვებს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ამერიკელები არ არიან რუსული ყაიდის ტიპები, ადვილად არ შედიან სხვასთან ურთიერთობაში. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისგან დაშორებულია და ყველა ყველას არ იცნობს. სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს ვინ იცნობდა? თითქმის არავინ, მას ურთიერთობა არ ჰქონია ამერიკის სპეცსამსახურებთან.

გამოგიტყდებით, ალასანიას მიმართ პირადი გაბრაზების საფუძველიც მაქვს, მას და მისნაირებს ერთხელ არ დასცდენიათ ვალერი ხაბურძანიას დასაცავი სიტყვა, როდესაც პანკისზე ლაპარაკობენ, როცა ყველა თავის თავზე ირგებდა ყველაფერს. კარგად გადახედონ თავიანთ განვლილ ცხოვრებას, გაიხსენონ, ვის რა გაუკეთებია იგივე პანკისში, ვის რა დამსახურება აქვს და მიხვდებიან, რომ ამდენი არ უნდა ილაპარაკონ. ირაკლი ალასანიას ჰქონდა კავშირი ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან, მას ამზადებდნენ გელა ჩარკვიანის შემცვლელად. ჩარკვიანი თარჯიმანი იყო სადაზვერვო სამმართველოსა და შევარდნაძეს შორის, მაგრამ ფაქტობრივად ამ როლს ასრულებდა ირაკლი ალასანია, მან რაღაც კურსები გაიარა და კავშირები დარჩა. განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მეთიუ ბრაიზასთან. ამ ადამიანს მეც შევხვდი ოთხჯერ, ძალიან გულახდილი საუბარი გვქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შორს მაინც ვერ წავედი, მაინც ჩამიკეტეს გზები.

სამწუხაროდ, ჩემი აქტიურობა რუსეთთან მიმარებაში ცუდად მიჰქონდათ ამერიკელებთან. მე ამერიკელებსაც და რუსებსაც პირდაპირ ვუთხარი, მხოლოდ ჩემი ქვეყნის ინტერესები მამოძრავებს-მეთქი. ეს ნიშნავდა იმას, რომ პანკისის საკითხი ერთობლივად უნდა გადაგვეწყვიტა და ეს გავაკეთე კიდეც. მარტო ირაკლი ალასანია ამერიკელებთან ერთად ვერაფერს გააკეთებდა, იქ იქნებოდა ომი. ასევე ვერაფერს ვერ გააკეთებდა ცალკე რუსული ჯგუფი – იქ იქნებოდა ომი. პრობლემები მოგვარდა იმიტომ, რომ მე სიტუაცია დავაბალანსე. როცა ირაკლი ალასანია ჩემს მოადგილედ დავნიშნე, მას ჩავაბარე მხოლოდ ამერიკული მიმართულება, რუსულ საკითხს წესით არ უნდა შეხებოდა.

ამერიკელებს რომ ჩემთვის არასასურველი ინფორმაციები მიეწოდებოდათ, ამას ვგრძნობდი.
რაც შეეხება “ნაციონალების” ინტენსიურ მუშაობას, მათ იმდენი ფული აქვთ დახარჯული ლობისტურ კომპანიებში, დღეს ეს ფაქტორი ისევ მუშაობს. პირდაპირ ვთქვათ, ლობი არის ოფიციალური კორუფცია. ლობისტები გადიან სენატორებზე, პრეზიდენტებზე, ვითომ რაღაც სადილებს აწყობენ, ხდება ფულით დაინტერესება და ასე იქმნება კეთილგანწყობა. თუ ფულს გადამიხდიან, ხვალვე ჩავალ ამერიკაში და რომელ სენატორსაც დამისახელებთ, იმას შევხვდები. გააჩნია ფულს, მაკკეინი შემხვდება, თავზე ხელს გადამისვამს და მეტყვის, ძალიან კარგი ბიჭი ხარო.

სხვათა შორის, მარგველაშვილმაც იცის ხეზე ასვლა. მე ის მახსოვს, როცა თარჯიმნად დაგვყვებოდა უცხოეთში. ერთხელ უსაფრთხოების ჯგუფი ვიყავით ამერიკაში – იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, იყო გია ბარამიძე, პეტრე მამრაძე, ავთო იოსელიანი, ვალერი ჩხეიძე და ასე შემდეგ. რაღაც პროგრამა გაგვაცნეს და იქ სათარჯიმნო-საოფიცრო საქმიანობას ანხორციელებდა მარგველაშვილი ამერიკული ორგანიზაციების მხრიდან. ბუნებრივია, მასაც ჰყავდა თავისი ლობი და ეტყობა, ახლაც იქიდან ხდება მისი წაქეზება.
ვფიქრობ, მარგველაშვილს მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს ამერიკელებისგან, ამდენს ვერ “გაბედავდა”. ეს ადამიანი ძალიან ბევრს იცნობს, ძირითადად ისეთებს, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო სექტორში. ვგულისხმობ ამერიკულ ორგანიზაციებს. მოდი, სიტყვა “თარჯიმანს” ნუ გავაუფასურებთ, მარგველაშვილს თავისი ფუნქციები ჰქონდა. მაგალითად, მე ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა “აირაი”, “ენდიაი”, “იუსაიდი” და სხვები, სპეცსამსახურებად ვთვლი. ვინც სპეცსამსახურს მხოლოდ სახელმწიფო უწყებას ეძახის, ძალიან ცდება. ამ არასამთავრობო სტრუქტურებს დავალებული აქვთ, მოიპოვონ ინფორმაცია თავიანთი ქვეყნისთვის, გაანალიზონ ეს ინფორმაცია, გადაიბირონ ხალხი და ასე შემდეგ. მე ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩამოვთვალე, არ არიან ამერიკის სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებლები. თუ არ ვცდები, როცა ჩვენ ამერიკაში ერთად წავედით, მარგველაშვილი “ენდიაის” ოფისში მუშაობდა.
მე არ ვიცი, მისი კანდიდატურა ივანიშვილს ვინ შესთავაზა. რაკი ბატონი ბიძინა ამბობს, რომ მან ამ საკითხში შეცდომა დაუშვა, მისი მჯერა.

სხვათა შორის, არც ჩემთვის შემოუთავაზებიათ ირაკლი ალასანიას კანდიდატურა. მე ის ჩემს მოადგილედ დავნიშნე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. შევარდნაძეს ვუთხარი და მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ალასანია იმ დროს მუშაობდა უშიშროების საბჭოში და შევარდნაძესთან ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი, როცა უნდოდა, მაშინ ურეკავდა. მახსოვს, ცხონებული ნუგზარ საჯაია ამაზე ბრაზდებოდა ხოლმე. როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ალასანია გამოაგდო სამსახურიდან და ერთი თვე უმუშევარი იყო. ამის შემდეგ მეთიუ ბრაიზას დაჟინებული თხოვნით დანიშნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ. ეს არ იყო სააკაშვილის სურვილი, ამერიკელებმა თავიანთი კაცი არ მიატოვეს. ამ თვისებას ნამდვილად ვაფასებ.

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

maxresdefault1

გიორგი შენგელაია: ეს არის დამპალი ლიბერალიზმი!

  გიორგი შენგელაია: “ნაციონალური მოძრაობა” არის ნაგავი თავის ლიდერებიანად და წევრებიანად. მაგათ რომ უფლება მიიღეს, …