ხუთშაბათი , აპრილი 27 2017
15841200_1334676589896482_244107656_n

მაია ფანჯიკიძე: ბიძინა ივანიშვილი არის სრულფასოვანი ლიდერი!

 5,403 ნახვა

თავი მეხუთე

 

2012 წლის გაზაფხული – მარტი, აპრილი, მაისი, პოლიტიკა უკვე დუღს. რთულად, მაგრამ მაინც იკვეთება, ადამიანების რა კატეგორია მოიყრის თავს ივანიშვილის კარზე. ბატონი ბიძინა ხშირად დადის “ქართული ოცნების” ოფისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, სადაც ვანო მერაბიშვილის ბიჭები კვლავ გვითვალთვალებენ. ატარებს პრესკონფერენციებს, სადაც სპეციალურად მოგზავნილი ჟურნალისტები პროვოკატორობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ “რუსთავი 2”-ისა და “რეალ ტვ”-ის წარმომადგენლები. მოდიან “ნაციონალების” დაფინანსებული სააგენტოებიდანაც. ისინი არ სვამენ ნორმალურ შეკითხვებს, აშკარად ეტყობათ, რომ ოფისში მოსვლამდე კარგად დაამუშავეს, ძირითადად უმწიფარი გოგო-ბიჭები. არასდროს დამავიწყდება სააგენტო “პრესა. გე”-ს წარმომადგენლის მიერ დასმული “გენიოსური” კითხვა: “ბატონო ბიძინა, ვლადიმერ პუტინმა რა დავალება მოგცათ ამ დილით”? რასაკვირველია, მოჟურნალისტო ელემენტებმა იცოდნენ, რომ სისულელეებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მიზანს მაინც აღწევდნენ – ბიძინა ივანიშვილი იოლად გამოჰყავდათ მწყობრიდან. ის არც ერთ მოჟურნალისტო ტიპს, ვისაც კი მიკროფონი ან კალამი ეჭირა ხელში, არ ტოვებდა უპასუხოდ, უმეტესობას “ჭირხვნის” და ბოლომდე ყვება. როცა უკვე ძალიან შეიჭრა ე.წ. გარჩევებში, ერთხელ მომეცა საშუალება და ვუთხარი კიდეც, რომ ასე “ჩაყოლა-ჩაკითხვებში” თავადვე დაზარალდებოდა. ვურჩიე, არ ღირს, ყველა ჟურნალისტს ნებისმიერ სისულელეზე გამოეკიდოთ, ზოგის პროვოკაციაზე თვალი უნდა დახუჭოთ, ზოგის სპექტაკლზე კი “იგნორი” დაამუღამოთ-მეთქი. თითქოს ერთი ხანობა დამიჯერა, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ცოტა გაწონასწორდა, მაგრამ ორიოდე კვირის შემდეგ ისევ ძველებურად განაგრძო. მაშინ მივხვდი, რომ “ჩაყოლა-ჩაკითხვა”, ყველა წვრილმანის ბოლომდე გარკვევა, “მიჭირხვნა” და წერტილის დასმა მისი სტილია. არ ვიცი, შეიძლება ეს ხასიათის სიმტკიცეზე მიუთითებს… ყოველ შემთხვევაში, მაშინ გადაჭარბებულად მეჩვენებოდა და ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო უფრო მეტი დიპლომატია.
წინა თავებში უკვე მოგითხრეთ, რა ხდებოდა “სახალხო კრებასთან” და ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკითხი ისე გაიწელა, ისე გაჰყვა წითელ ზოლად ივანიშვილის საწყის პოლიტიკას, იძულებული ვარ, პერიოდულად დავუბრუნდე. როდესაც ბატონი ბიძინა “სახალხო კრების” ლიდერებს შეხვდა, ფაქტობრივად გადაწყდა, თუ როგორ გამოეცლებოდა ბურჯანაძეს რამდენიმე წონიანი საყრდენი. ქალბატონ ნინოს კი ჩემთან საუბრისას ამ ყველაფერზე ასეთი რეაქცია ჰქონდა:

“მე ძალიან კარგად ვიცი რეალური საუბრის შინაარსი, რაც შედგა ივანიშვილსა და მათ შორის… მე რასაც ვხედავ, უფრო და უფრო ეჭვი მეპარება იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით… მე ვფიქრობ, ის იღებს ცალმხრივ ინფორმაციას. მე ის მიკვირს, რატომ კეთდება ამდენი ახსნა-განმარტება იგივე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩვენი შეხვედრა-არშეხვედრის თაობაზე, მე ხომ მისთვის შეხვედრა არ მითხოვია? მე არც მიღება მითხოვია, არც კოალიციაში შესვლა მითხოვია… მე ბატონი ივანიშვილისგან არაფერი არ მჭირდება, გელა, ერთადერთი რამის გარდა… მე მინდა, რომ მან გაამართლოს ის იმედები, რაც საქართველოს მოსახლეობას მისცა. ვიმეორებ: მისგან არაფერი მჭირდება, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც მას გვერდით ჰყავს შემოკრებილი. ამიტომ ნუ მიხსნის ნურც მე და ნურც საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი, რატომ არ ხვდება ნინო ბურჯანაძეს… არ ხვდება, არ ხვდება, რა პრობლემაა?! თუ არ მოვწონვართ “ქართული ოცნების” ცალკეულ წარმომადგენლებს, მაგისთვის ქვეყნიდან ნამდვილად არ გადავსახლდებით, მე მათზე ნაკლები უფლება არ მაქვს, ჩემი სამშობლო მიყვარდეს და მას ვემსახურო. სხვათა შორის, ის ადამიანები, ვინც ბატონი ბიძინას ირგვლივ არიან, ხშირად სიტყვა-სიტყვით იმეორებენ “ნაცმოძრაობის” ტერმინებს, იდეოლოგიას. ახლა ქცევაშიც თუ დაემსგავსებიან, ასეთ შემთხვევაში საქმე გაფუჭდება. მე მაინც ვერიდები ურთიერთობის გამწვავებას, არ მინდა, სააკაშვილის წისქვილზე დავასხა წყალი და გავახარო”.

ნინო ბურჯანაძის ასეთი პასუხის შემდეგ თემა დროებით იხურება და “სახალხო კრებიდან” სამი ადამიანი მიდის “ქართულ ოცნებაში”. იმავე პერიოდში ძალიან არის გააქტიურებული “ენდიაის” (ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) თბილისური ოფისი – მიდის გამოკითხვები, ე.წ. კვლევები და ყველა შემთხვევაში იმარჯვებს “ნაციონალური” მოძრაობა. თუმცა ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით აცხადებს, ლუის ნავაროს გამოკითხვები დაუჯერებელია, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში უმრავლესობითო. სწორედ იმ პერიოდში მეძლევა საშუალება, ერთი-ერთზე ვესაუბრო ივანიშვილის პრეს-სპიკერს, ანუ მედიასთან ურთიერთობაში მის მარჯვენა ხელს, მაია ფანჯიკიძეს:

– ქალბატონო მაია, მინდა გკითხოთ “ენდიაი”-ს გამოკვლევების შესახებ, სადაც “ქართულ ოცნებას” 11 პროცენტი დაუწერეს.
– ის ნაწილი, რაც ჩვენ “ენდიაი”-მ მოგვცა, არ იძლევა სრულ სურათს.
– რატომ არ იძლევა სრულ სურათს? 47 პროცენტი დაუწერეს “ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 11 პროცენტი “ქართულ ოცნებას”.
– თქვენ ამბობთ, “დაუწერეს”, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე სერიოზული კომენტარი საჭირო არ არის.
– მე მიმაჩნია, რომ ეს არის სცენარი ამერიკელების მიერ დაწერილი, ამის მიხედვით დაიდება მომავალი არჩევნების შედეგები. ჩვენთან ყოველთვის ასე ხდებოდა.
– ამჯერად თქვენ ცდებით… თუკი ეს აქამდე ასე იყო, მე იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება.
– თქვენ ელჩი იყავით, მოვლენებს ალბათ მაშინ სხვანაირად უყურებდით… მერწმუნეთ, ჩვენ არჩევნების შედეგებს ყოველთვის ასეთი ფორმით გვიდებდნენ.
– წინა წლებზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, აქტიურად ამ საკითხებში არ ვიყავი და არც განსაკუთრებული ეჭვით არ შემიხედავს. თუმცა ფონი, რომელიც უძღვოდა წინა არჩევნებს და უძღვის ახლანდელ არჩევნებს, სრულიად განსხვავებულია, რაც მე მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ასე არ არის… რეალობა არის სულ სხვაგვარი და ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.
– დარწმუნებული ხართ?
– აბსოლუტურად.
– ბატონი ბიძინაც ასე ლაპარაკობს: მე მოვალ, მე მიშას გადავაყენებ… რომ არ გამართლდეს თქვენი პროგნოზი, მერე სად მიდიხართ?
– გამორიცხულია.
– თუ რამე ისეთი იცით, მეც მითხარით, გამიხარდება.
– არა, გამორიცხულია… მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები სცილდება ყოველგვარ საზღვარს, მე ვიცი მოსახლეობის განწყობა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. მე არ ვიცი, რა დონის გაყალბებას ჰქონდა აქამდე ადგილი, რა იყო, როგორ იყო, როგორ ჩაიარა წინა არჩევნებმა, მაგრამ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს არა დასავლეთიდან განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც უკვე დაიწყო, არა ის ძალიან ბევრი დამკვირვებელი, რომელთა ჩამოსვლის შესახებაც პრეზიდენტმა განგვიცხადა პარლამენტში, არამედ ხალხის განწყობა, ხალხი აღარ მოითმენს არაფერს და დაიცავს თავის ხმებს. აი, ეს ფაქტორები მაძლევს იმ განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში.
– ახლა კი ისეთი შეკითხვებიც უნდა დაგისვათ, რომელსაც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უნდა ვუსვამდე, მაგრამ ამჯერად არ მაქვს ამისი საშუალება. თავს ამის უფლებას ვაძლევ იმიტომ, რომ თქვენ იცით ამ ადამიანის განწყობა.
– ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერზე გიპასუხებთ მის მაგივრადაც.
– ბატონმა ბიძინამ თავისსავე პირველ განცხადებაში თქვა: მე ვიყავი სოროსი, მე ვაფინანსებდი ყველას და ყველაფერს, ის იყო მხოლოდ მითიო. ამიხსენით, მართლა სოროსი იყო ივანიშვილი და ჩვენ ტყუილად ვლანძღეთ ის კაცი?
– არა, სოროსი იყო, არსებობდა სინამდვილეში, ის დღესაც არის საქართველოში, აქვს ფონდი “ღია საზოგადოება”. იქ არსებობს რაღაც ბიუჯეტი, საიდანაც ფინანსდება სხვადასხვა პროექტები, მაგრამ როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მაშინ მინისტრების ხელფასები იყო ძალიან დაბალი და მეც კარგად მახსოვს, სოროსის ფონდს უნდა აეღო დაფინანსება თავის თავზე, რათა აღარ ყოფილიყო კორუფცია. აი, ეს ნაწილი სოროსის მოღვაწეობისა, აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა ასე და სინამდვილეში ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ფონდი არსებობდა, რაღაც თანხა მართლაც იყო ჩადებული, ეს ამბავი მთლად მოგონილი არ იყო.
– “თავისუფლების ინსტიტუტს” ვინ უხდიდა?
– მაგაზე არაფერი ვიცი.
– “რესპუბლიკურ პარტიას” როდიდან აფინანსებს?
– ეს პარტია დააფინანსა ერთხელ, მას მერე, რაც გახდა ჩვენი პარტნიორი.
– არსებობს ინფორმაცია, რომ მანამდეც ჰქონდა ივანიშვილს მათთან ურთიერთობა.
– ეს ჩემთვის უცნობია. მე ვიცი, რომ “მწვანეთა პარტიას” აფინანსებდა ადრე, ბატონ ბიძინას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ბუნების მიმართ.
– არ შემიძლია, არ შევეხო “რესპუბლიკელების” თემას ცოტა ფართოდ, რადგან მთელი საზოგადოება ამაზე ლაპარაკობს. ვერ გრძნობს ივანიშვილი, რომ ამ ურეიტინგო პარტიის გამო ხალხის ნაწილში ნდობა დაკარგა? თუ თვითონ მოქალაქეობას ვერ მიიღებს და ვერ გახდება სრულფასოვანი ლიდერი, მისი ხათრით “რესპუბლიკელებს” ხმას არავინ არ მისცემს.
– ის არის სრულფასოვანი ლიდერი, მოქალაქეობა ექნება თუ არა, ამას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. ეს პოლიტიკური ძალა არის მისი ძალა, ამომრჩეველს ეცოდინება, მთავარი მამოძრავებელი არის ბიძინა ივანიშვილი. სულ ორი კვირის საქმეა, რომ მას აღუდგეს მოქალაქეობა და დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად. დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება ვერ გაბედავს, მას მოქალაქეობა არ მისცეს. მოდით, ეს საკითხი ჯერჯერობით ასე დავტოვოთ… სანამ ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, კარგად შეისწავლა ქართული პოლიტიკური სპექტრი და დიდი ყურადღებით აარჩია თავისი პარტნიორები. მე პირადად ძალიან დიდი ხანია, რაც ვიცნობ “რესპუბლიკელებს”, თინა ხიდაშელი ჩემი სიძის, ირაკლი ალასანიას ჯგუფელი იყო. 16 წელი დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი, ელჩი გერმანიაში, იქ ჩამოდიოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში და მქონდა საშუალება, გავცნობოდი მათ აზრებს. მე ვაფასებ “რესპუბლიკელების” ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, განათლებას, თანმიმდევრულობას და ასე შემდეგ. შეიძლება ამა თუ იმ პუნქტში იყოს რაღაც განსხვავება მოსაზრებებში, მაგრამ ასეა სხვა პარტიებთან მიმართებაშიც. ჩვენთან არის ახლა გაერთიანებული ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი. ის, რომ ჩვენ ვართ კოალიციაში, ეს არ ნიშნავს, ასი პროცენტით ვეთანხმებით ყველაფერში ერთმანეთს… მიმდინარეობს ცოცხალი დისკუსია, არსებობს არგუმენტები აქედან, იქიდან, ზოგი იცვლის პოზიციას, ზოგი არ იცვლის და ეს არ არის განხეთქილების საგანი. რაც შეეხება იმას, რომ “რესპუბლიკელების” გამო ივანიშვილის რეიტინგმა დაიწია, არც ამას ვეთანხმები… წარმოუდგენელია ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ ძველი პარტიის გარეშე. მისი რეიტინგი რამდენად მართალია, არ ვიცი, ხშირად ეს ციფრები სანდო არ არის. სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამ თქვა: როდესაც ეს ძალა გაიმარჯვებს და უმრავლესობით მოვა პარლამენტში, სულაც არ იქნება ერთპარტიული მმართველობა, შეიძლება ცალკე ფრაქციებიც კი ჩამოყალიბდეს.
– თქვენ არ ითვალისწინებთ საზოგადოების აზრს.
– საზოგადოება ყოველთვის მოითხოვდა, რომ გამოჩენილიყო ისეთი ვინმე, ვინც გააერთიანებდა ოპოზიციას, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. არსებობენ კიდევ ფსევდო-ოპოზიციური ძალები.
– რატომ არის მაგალითად ფსევდო-ოპოზიცია ნინო ბურჯანაძე, რომელმაც თავის დროზე თქვენ დაგნიშნათ ელჩად?
– ეგ არ არის სწორი… ბურჯანაძე იყო ჩემი მეგობარი, მე გული მწყდება, რომ პოლიტიკური ვითარების გამო ჩვენი მეგობრობა შეწყდა, იმედი მაქვს, არ არის ეს ჩვენი ურთიერთობის დასასრული. როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა, მაშინ ქალბატონი ნინო, თუ არ ვცდები, უნივერსიტეტში მუშაობდა და ჩემი კარიერა განვითარდა მისგან დამოუკიდებლად. მას უშუალო მონაწილეობა ელჩად ჩემს დანიშვნაში არ მიუღია, თუმცა ყოველთვის მხარს მიჭერდა და ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამას ხელი შეუწყო. მამაჩემი და მამამისი მეგობრობდნენ ახალგაზრდობიდან, აქედან გამომდინარე, მე ნინოს ბავშვობიდან ვიცნობ.
– არა, რატომ არის ბურჯანაძე ფსევდო-ოპოზიცია?
– მე ნინო ბურჯანაძეზე არ მითქვამს… მას რომ ხელისუფლების შეცვლა უნდა, ეჭვი არავის ეპარება, აქ მხლოდ მსოფლმხედველობრივი განსხვავებებია.
– ერთხელ მოსკოვში ჩავიდა, პუტინს შეხვდა და ამის გამო?
– ერთხელ?
– თუნდაც ორჯერ… ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში ცხოვრობდა, მაშინ ესეც ვთქვათ.
– შეხვედრაც არის და შეხვედრაც… ახლა ხელისუფლება დიდი გულმოდგინებით ცდილობს, გამოაცხადოს ივანიშვილი პუტინის პროექტად და მისი ფული რუსულ ფულად, მაგრამ ამის დამადასტურებელი არც ერთი საბუთი არ გააჩნიათ. კი, ეს ფული გამომუშავებული იქნა რუსეთში, მაგრამ ის დარჩა დამოუკიდებელ ადამიანად.
– გამოიმუშავა რუსეთში, მაგრამ რუსული ფული არ არის?
– რუსეთი იყო ძალიან დიდი ბაზარი და ამ ბაზარზე ივანიშვილს აღმოაჩნდა ნიჭი, გააკეთა მაქსიმუმი იმისა, რაც იყო შესაძლებელი. მე მინდა, იმათ შევახსენო, ვინც ამ ფულს რუსულს ეძახის, ამ ფულით იღებდნენ ხელფასებს, ამ ფულით არის გარემონტებული 500-მდე სკოლა, რომელთა წითელი ლენტები სააკაშვილს აქვს გაჭრილი, ამ ფულით არის გარემონტებული ყველა თეატრი, ყველა მუზეუმი, აშენებულია ყაზარმები, ჩაცმულ-დახურულია პატრული, ნაყიდია პატრულის მანქანები, დაგებულია გზები და ასე შემდეგ. ამდენი ხანია ივანიშვილთან ვმუშაობ და ჯერ არ ვიცი, კიდევ რას გავიგებ, რომ მისი გაკეთებული ყოფილა. ბოლო-ბოლო, 500-მდე ეკლესიაა აღდგენილი, ეს არ ვიცოდი აქამდე. ის აკეთებდა კარგ საქმეს და იყო ჩრდილში.
– ასე გარყვნა სააკაშვილი, ახლა არ ნანობს?
– არა მგონია.
– სააკაშვილის ცოლს რომ მილიონებს უხდიდა, არც იმას ნანობს?
– მე მგონი, ქველმოქმედების არსი სწორედ ის არის, რომ არ უნდა ინანო.
– ანანიაშვილს და კიკაბიძეს რომ უხდი, ეგ არის ქველმოქმედების არსი?
– მათქმევინეთ ბოლომდე… მთავარია, გულით გააკეთო და არ ინანო. ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმაზე და ვაკრიტიკოთ ის, თუ როგორ იხარჯება ბიუჯეტის ფული. როგორ ხარჯავს კერძო პირი თავის ფულს, მე მგონი, ეს ჩვენი საქმე არ არის.

იმ პერიოდში ვთვლიდი და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო პიროვნება იყო და თავისი სიძის, ირაკლი ალასანიას მიმართულებით ერთგვარი ხიდის როლიც უნდა შეესრულებინა, მაგრამ ასე არ მოხდა – ირაკლის ამბიციებმა მისი კარიერაც შეიწირა და რეპუტაციაც. თუმცა, როცა რეპუტაციაზე ვსაუბრობ, აქ ფანჯიკიძის საბედისწერო შეცდომაც იგულისხმება, რომელსაც მომდევნო თავებში დავუბრუნდები.

 

მეხუთე თავის დასასრული

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

გელა

გელა ზედელაშვილი: ის, რაც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს!

  ძალიან უცნაური და წყლის მნაყველი ხალხი ვართ ქართველები: პირველი – მხოლოდ საქართველოში შეიძლება გასცეს …