შაბათი , იანვარი 21 2017
yda-wignis-660x330

“პრემიერი” (დოკუმენტური რომანი – თავი პირველი)

 1,835 ნახვა

პროლოგის მაგიერ

 

2011 წლის 7 ოქტომბერი. ბიძინა ივანიშვილის პირველი ღია წერილი (შემცირებული ვარიანტი):

“სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ. ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს. ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში.

მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას. რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ესე იგი, აუცილებლად მოვალ!
ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელს ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებას და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ.
ამასთან ერთად იმასაც გპირდებით, რომ ვიქნები სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და ამავე დროს უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევთ მუშაობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ძალიან ახლობელ ადამინებსაც არ ვაპატიე, როცა მათ კანონით დაწესებულ ნორმებს და მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს გადაუხვიეს. შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ არავის არ მიეცემა იმის უფლება, რომ საქვეყნო საქმეები თავის პირად ინტერსებს მოარგოს და სხვის ხარჯზე, ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს.

 

რატომ მოვედი პოლიტიკაში?

ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?
ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია – იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას.
ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება. არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა. ვისაც არ სჯერა, შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორც დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს – შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო. ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო.

მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი, ახლა კი ჯერი თქვენზეა…

პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს. მე მივხვდი ჩემს შეცდომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია პირველყოვლისა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში. მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად.

 

ვისთან ვერ ვითანამშრომლებ?

ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ… მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ “ქრისტიან-დემოკრატებთან”, “ლეიბორისტებთან”, “ახალ მემარჯვენეებთან”, “ედპ”-სთან, “ქართულ პარტიასთან”, თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.
“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერის, გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისიფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.

ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები: შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა. დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ.

 

მასმედია

თუ ჩვენ არ მივეჩვიეთ მისთვის თვალის გასწორებას, ეს ქვეყანა განწირულია მუდმივ შიშსა და სიცრუეში არსებობისათვის. მე ვეკითხები “მაესტროს” ჟურნალისტებს და თუნდაც მის ადმინისტრაციასა თუ დამფუძნებლებს – როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდოოპოზიციონერის ეროსი კიწმარიშვილის კომპანია, ადამიანის, რომელმაც სხვას რომ თავი დავანებოთ, მისივე აღიარებით 2008 წელს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად დაასამარა ხალხის რეალური არჩევანი, შეიძლება თუ არა რომ ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი?

მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ:

1. მზად ვარ თქვენს წინაშე ავიღო ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირი, კაცმა არ იცის საიდან მოტანილი დაფინანსებით, ასრულებს (ან არ ასრულებს) თქვენს წინაშე.
2. გავაფორმო სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტის თავისუფლება, თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ჩემს პირად მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
3. დასაქმებული იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა და პროფესიული ღირსება. ჩვენ ერთად შევუქმნათ მათ საშუალება, გათავისუფლდნენ ფსევდო-კეთილდღეობის მარწუხებიდან.
4. ერთად უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება ხალხს და დავიწყოთ ეს მეოთხე ხელისუფლებით, ანუ თქვენით.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო “მაესტროს” წამყვან ჟურნალისტს შალვა რამიშვილს:
შალვა, შენ როდესაც “დარდუბალას” აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით პარიზში ვცხოვრობდი.
“დარდუბალა”-ს ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფეიერვერკი. შენ მაშინ, როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის. დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ? შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი “დარდუბალა”-ს პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან? შენ ახლა ახალ “დარდუბალა”-ს უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული “მაესტროს” მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელის ბიჭივით. წამოდი, შალვა და ახალი “დარდუბალა”-ს გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძველი “დარდუბალა”-ს სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი, ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება.

ძალიან განვიცდი, რომ “მაესტროსთვის” ცდება ეკა ბერიძე, ეს უაღრესად ნიჭიერი და ამასთან ერთად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტი.

ახლა კი დავით აქუბარდიას მინდა მივმართო, როგორც მას ქართველი ხალხი სიყვარულით უწოდებს, ბატონ “აქუს”: ბატონო დავით, მე მახსოვს თქვენი გადაცემა 30 ივნისს, როცა ყური აუწიეთ და პოლიტიკურ ფარისევლობაში ამხილეთ “ქრისტიან-დემოკრატები” და მამუკა კაციტაძე. მაშინ ბრწყინვალე იყავით, თქვენი არგუმენტები აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, პოზოცია აბსოლუტურად სწორი. იმავე საღამოს ეროსი კიწმარიშვილი გყავდათ სტუმრად და თუ პირველ გადაცემაში თქვენ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდექით, კიწმარიშვილთან საუბრისას საოცრად დათრგუნული, ყალბი, უნიათო ბრძანდებოდით და აშკარად გეტყობოდათ, რომ დაკვეთას ასრულებდით. ბატონო დავით, თქვენ ერუდირებული, ანალიზის შესანიშნავი უნარის მქონე ჟურნალისტი ხართ, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე იცით ეკონომიკა, ისტორია, ლიტერატურა, ბრწინვალედ ერკვევით პოლიტიკური ცხოვრების ლაბირინთებში, მაგრამ ხშირად ღალატობთ საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს და სხვადასხვა მოტივით და მიზეზით ფსევდოოპოზიციურ, ფსევდოობიექტურ სუბიექტებს აძლევთ ასპარეზს.
ბატონო დავით, არ მინდა მე თქვენი “კავკასია” – ნურც მომყიდით და ნურც მაჩუქებთ, მაგრამ თქვენ იყავით ობიექტური, მართალი და ობიექტური ოღონდ არა დღეგამოშვებით, არა ხანდახან, არამედ მთლიანად, მთელი 24 საათის განმავლობაში. ფინანსური პრობლემები გიშლით ხელს? არაფერი არ მინდა თქვენგან, ისე დაგეხმარებით, ოღონდ თქვენს თავისუფლებას და საკუთარ მრწამსს ნაძირლებზე ნუ გაყიდით.

ჩემი ამასწინანდელი განცხადება “კავკასიის” თუ “მაესტროს” ყიდვასთან დაკავშირებით ზოგმა არასწორად გაიგო.
მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა მათი გათავისუფლება მინდა იმ შეურაცხმყოფელი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შემზღუდველი ატმოსფეროსგან, რომელშიც დღეს მათ უწევთ მუშაობა. მასმედიის მისამართით გაკეთებული ჩემი განცხადების მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ვითომ ოპოზიციურ ტელეარხებს სინამდვილეში სააკაშვილი აკონტროლებს და მისი დასტურის და ნებართვის გარეშე, ამ ტელეკომპანიის მესვეურებს რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. მე მიზანს მივაღწიე – ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავიანთი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათი ორგანიზაციების ნამდვილი მეპატრონე სააკაშვილია.

 

ფსევდოობიექტურობა

ფსევდოოპოზიციონერთა კვალდაკვალ უპრიანი იქნება თუ ფსევდოობიექტურობის იმ მავნე ზემოქმედებაზეც ვისაუბრებთ, რომელსაც ფსევდოობიექტურები ახდენენ საზოგადოებას ცხოვრებაზე. ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით…
იმდენად მრავალრიცხოვანია ფსევდოობიექტურთა ჭრელი გუნდი, ყველა მათგანის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა თავისი ნიჭიერებით გამორჩეულ რამდენიმე პიროვნებაზე მაინც შევჩერდები.
პირველ რიგში მინდა დავასახელო ია ანთაძე, გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონი, კარგი ანალიტიკოსი, რომელიც ეჭვი მაქვს რომ ზოგჯერ ძალიან ოსტატურად და შენიღბულად ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს.
ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთზე შევჩერდები. ია ანთაძემ ამას წინათ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მე პრორუსულ ძალად, სააკაშვილი კი პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტად გამოაცხადა.

კი, ბატონო, ია ანთაძემ რაც უნდა ის მიწოდოს, არ მეწყინება, მაგრამ როგორ შეიძლება სააკაშვილში, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა საქართველოში, ლიბერალობა და პროდასავლურობა დაინახო?
ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა, მაგრამ როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა.
დღეს დიდი სიმართლის თქმის დროა!
თუ გვინდა რომ ქვეყანა ამ ნახევრად მკვდრული მდგომარეობიდან, ამ შოკიდან გამოვიდეს, პირველ რიგში სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და ვინც არ არის კახაბერი, კახაბერად არ უნდა გამოვაცხადოთ.

 

სახელისუფლო გუნდი

პირდაპირ მინდა განვაცხადო, სახელისუფლო გუნდთან და მის იდეოლოგებთან, ვინც სააკაშვილს ემსახურება, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან მათთან ყველაფერი გარკვეულია და აქედან გამომდინარე, ფსევდოპოზიციისგან განსხვავებით, მათი არჩევანი, მათი პოზიცია ღია და გამჭირვალეა.
ამ ადამიანებს სააკაშვილი მოსწონთ, ის მათ პოლიტიკურ გემოვნებას ყოველმხრივ აკმაყოფილებს, გემოვნებაზე კი, როგორც იტყვიან, არ დავობენ. თუმცა ჩემი პირადი აზრით, სწორედ რომ გემოვნებაა მთავარი სადაო და საკამათო… დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, პალიკო კუბლაშვილი ამ ხელისუფლების გამოკვეთილი იდეოლოგები არიან. მე არ მაქვს მათ მიმართ აგრესიული განწყობა, ის კი არა, რომელიმე მათგანმა თავისი პოლიტიკური მრწამსი და პოზიცია რომ შეიცვალოს, არ გამოვრიცხავ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც… მე ხელისუფლებასთან ვაიგივებ სამ ტელეკომპანიას: “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, “რუსთავი-2”-ს, “იმედს” და რაც ზემოთ აღვნიშნე, ეს ამ ტელევიზიების თანამშრომლებსაც ეხებათ.

ჩემთვის არ არის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები ვინ მუშაობდა და ვინ მუშაობს სააკაშვილთან, ვინ მუშაობდა და ვინ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში. გადამწყვეტი ეს არ არის, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი. რადგან სახელისუფლო გუნდზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე მინდა მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას.
მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ.
მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას.

საკმაოდ ბევრი ფაქტიდან მხოლოდ ერთს შევახსენებ ვანო მერაბიშვილს: გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ. ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.
მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა:
– ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?
– სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს-მეთქი, – გავაფრთხილე. მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა.

ჩემო ვანო, ერთი ამბავიც მინდა გაგახსენო და ამით დავამთავრებ: ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე იმ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო.
მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი. სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდაოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის.
ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე – ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს!
სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი კი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ. ურჩიე, გადადგეს, ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს.
თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად.

მანამდე კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო! ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ, თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ.
საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენს მიერ “დავერბოვკებული” თქვენი აგენტის უფასო “მომსახურებით”, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის. თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო. ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ – დანდობა და სიყვარული არ იცით!
თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი… თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენს გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა.

2008 წლის წაგებული ომიდან ორი-სამი თვის შემდეგ შემდეგ, როცა ქვეყანას დიდი არეულობა და ქაოსი ემუქრებოდა, მე თვითონ გავუგზავნე წერილი მიხეილ სააკაშვილს და ვურჩიე, გადამდგარიყო. ქართველი ხალხი სულგრძელი, მიმტევებელი ხალხია და გაპატიებს, რაც შეგეშალა. გადადგომა შენ საშუალებას მოგცემს, არა მარტო გააგრძელო შენს ქვეყანაში ცხოვრება, არამედ გააგრძელო პოლიტიკური საქმიანობაც – ვწერდი სააკაშვილს.

მიშა, შენ ის მიშა ხარ, ხელისუფლებაში რომ მოხვედი და აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცე, რითაც საქართველოს მიანიშნე, რომ აღმაშენებლობას აპირებდი, მაგრამ დრო გავიდა და აღმაშენებლის ნაცვლად ბრეჟნევს დაემსგავსე, ბრეჟნევის ეპოქას მიუახლოვდი… შენ და შენი გუნდი ქართველი კაცისათვის წმინდათაწმინდას, ეკლესიასაც კი შეეხეთ და მხცოვანი პატრიარქი, ეს ბრძენი ადამიანი უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ჩააყენეთ. იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდით პატრიარქს, ეკლესიის შიგნით სულმოკლე ადამიანების ძებნა და მათი მოქრთამვა და მოსყიდვა დაიწყეთ. შეჩერდი, მიშა, შენ უფსკრულის პირას დგახარ და შეჩერდი!

 

რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას?

პირველ რიგში მინდა ვახსენო “რესპუბლიკური პარტია”, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით.
თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. “რესპუბლიკელებისგან” განსხვავებით ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს.

“რესპუბლიკურ პარტიასთან” მართლაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემი განცხადების შემდეგ, რამდენიმე წევრმა ჩემს მიმართ ძალზე აგრესიული კომენტარები გააკეთა.
“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო:
იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ “ალია-ჰოლდინგის” საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზოცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო.
ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ. თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა. ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან!

დიდ ბოდიშს ვიხდი, სამგზის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ აქვე მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას დავუსვა ერთი საერთო და ყველასათვის სავალდებულო კითხვა: რით არსებობთ თქვენ და საიდან იღებთ პარტიის შესანახ თანხებს, თუ ეს თანხები გაგაჩნიათ? გულუხვ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება არ იკმარებს – ამ “არგუმენტს” ვერ მივიღებ! ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თანამშრომლობაც ვერ შედგება.

 

და ბოლოს, ისევ ჩემს შესახებ…

არ მინდა, ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ, აი, მოვედი მე, ვიღაც უცოდველი კრავი და სხვებს განვიკითხავ და მორალს ვუკითხავ. არა, ეს ასე არ არის, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და ბევრჯერ შემშლია, რაც ხმამაღლა მიღიარებია და საკუთარი თავი გამიკიცხავს. ჩვენ ყველანი თანაბარუფლებიანი და თანასწორი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა და მე არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს მიფიქრია, რომ მე ჩემი სიმდიდრით ვინმეზე, მატერიალურად თუნდაც ხელმოკლე ადამიანზე რაიმეთი მეტი ვარ.
არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ მე უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ ამ ქვეყნისთვის, ვიდრე უბრალო გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, კალატოზი, რომელიც აგურს აგურზე ადებს, პოეტი, რომელიც ლექსს წერს, სპორტსმენი, რომელიც სპორტში მოღვაწეობს. მთავარია, ყველამ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ საქვეყნო საქმისათვის”.

lidersss-1

თავი პირველი

– გამარჯობა, გელა.
– გამარჯობა, ბატონო ბიძინა.
– მოდი, ჩემს კაბინეტში ავიდეთ, დავილაპარაკოთ, 15 წუთი გცალია?
– რას ამბობთ, 15 წუთი კი არა, თუ გნებავთ, ხვალ დილამდე ვილაპარაკოთ, თქვენთან შეხვედრასა და საუბარზე ხალხი ოცნებობს.

2012 წლის 12 მაისი, დღის 12 საათი. “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისი. მესამე სართულზე ლიფტით ავდივართ დაცვის წევრებთან ერთად. სამნი არიან, გაყინული სახეებით. თითქოს არაფერი ესმით, არაფერი აინტერესებთ. პერიოდულად ქვემოთაც ჩამოიხედავენ ხოლმე იჭვნეულად. ყურებში ე.წ. “პრუჟინები” აქვთ გარჭობილი, დაცვის უფროსთან აქვთ კავშირი, ან კოლეგებთან, რომლებიც შენობის გარშემო უნდა იყვნენ “ჩასაფრებულნი”.
ბატონი ბიძინა მხარზე ხელს მადებს და მისაღებში ასე შევდივართ. საკმაოდ მოზრდილი დარბაზია, თითქმის ყველა მისი მომავალი “თანამებრძოლი” აქაა. უცებ ზუზუნი წყდება, სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. ირაკლი ალასანიას ვესალმები, მის გარდა, დაახლოებით 50 კაცი კედელზე “შპალერივითაა” გაკრული. ივანიშვილი თავის დაკვრით ესალმება. მომავალი პოლიტ-ელიტა ელოდება, ალბათ თათბირია დაგეგმილი. თუმცა ჩვენი საუბარი რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით, თუ ვიყოჩაღებ, შეიძლება თათბირი “გადავდო” კიდეც.

– “დიქტაფონი” დაცვას დაუტოვე, – მეუბნება ბატონი ბიძინა.
– რატომ, ჩვენ ხომ ინტერვიუ უნდა ჩავწეროთ? – ვეკითხები გაკვირვებული.
– არა, არავითარი ინტერვიუ, ჩვენ დღეს უნდა ვილაპარაკოთ კაცურად.
– კაცურად როგორ, წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ არ ხართ მილიარდერი და მე კიდევ ჟურნალისტი?
– კი, სწორედ ასე წარმოვიდგინოთ… ჩააბარე “დიქტაფონი” დაცვას და დავიწყოთ.
– არ გამოვა ეგრე, ბატონო ბიძინა, უამრავმა ადამიანმა დაგვინახა, აქ რომ შემოვედით, გავალ აქედან და დამიყრიან ჭორებს… აი, ფული შესთავაზა, არაფერი გამოაქვეყნა, მოისყიდა და ასე შემდეგ, – ვჯიუტობ ჩემებურად.
– არა, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მართლები, – ჯიუტობს მილიარდერიც.
– კარგი, დაცვას ჩავაბარებ, მაგრამ რატომ მენდობით, იქნებ ჩემი საათი იწერს, ან მეორე “დიქტოფონი” მაქვს ჯიბეში? სხვათა შორის, ბევრი ჩემი კოლეგა ორი ჩამწერით დადის, – ვეუბნები ნახევრად ხუმრობით.
– გენდობი… ხომ გითხარი, კაცურად უნდა ვილაპარაკოთ-მეთქი, მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. თუ გინდა, რაზეც შევთანხმდებით, დაბეჭდე, არ არის პრობლემა, ნუ იგრძნობ უხერხულობას.
– გასაგებია, მე დავბეჭდავ, რომ ჩვენ ერთმანეთს ერთი-ერთზე შევხვდით და ასევე, ყველაფერს, რაზეც შევთანხმდებით, – მაინც მიხარია, რომ ბატონი ბიძინა “გავტეხე” და მისი კაბინეტიდან ხელცარიელი არ გავალ.
რაღა დაგიმალოთ და… ცოტაოდენ მიკვირს, ის სრულიად უბრალო და ადვილად დასაყოლიებელი ადამიანი ყოფილა. თუმცა ეს პირველი შთაბეჭდილებაა, შეიძლება ვცდები.
– სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით პირველ პრესკონფერენციაზე, როცა გაზეთ “ალიაზე” გამოცემული ბროშურა დაარიგეთ. მეგონა, ეს უკვე დავიწყებული ამბავი იყო, მაგრამ მართალი ყოფილა, როცა ამბობდნენ, ივანიშვილმა დამახსოვრება იცის, წარსულს არასოდეს ივიწყებს და როცა საშუალება მიეცემა, კარგადაც იყენებსო, – ვიწყებ მშვიდად.
– მე არც წარსულს ვივიწყებ იოლად და არც შეხედულებებს ვიცვლი ყოველდღე, ეს მეხმარება ანალიზის გაკეთებაში, – ბატონ ბიძინას კატეგორიული ტონი აქვს.
– არა, მაინც მეგონა, როცა პოლიტიკაში მოხვედით, ბევრი რამ წარსულს ჩაბარდა… რა ვიცი, თქვენ უკვე საჯარო პირი ხართ და თმენის უფრო მეტი ვალდებულება გაკისრიათ.
– თქვენმა გაზეთმა არაერთხელ მომაყენა შეურაცხყოფა, გამლანძღა, მაშინ პოლიტიკაში არ ვიყავი და ამიტომაც ვერ მოვითმინე, ან რატომ უნდა მომეთმინა? მე მგონი, შენ არ დაგიწერია ჩემზე ცუდი.
– არა, არ დამიწერია.
– ერთმა თქვენმა ჟურნალისტმა დაწერა, ძალიან ბევრი სიბინძურე იკადრა… თურმე იმერული აქცენტიც მქონია, მაგრამ რომც მქონდეს, მერე რა?!
– არაფერი… ეს არ გახლდათ ყველას აზრი, ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, ამაზე დავაც იყო რედაქციაში.
– ძალიან კარგი, თუ ყველას აზრი არ იყო!
– მაინც არ მიმაჩნია თქვენი ბრძოლის მეთოდი სწორად, ფულიც კი დახარჯეთ ჩვენს წინააღმდეგ, მერე ბროშურა დააწერინეთ ვიღაც მოჟურნალისტო ელემენტებს, თითქოს ვაშანტაჟებთ და ფულს ვძალავთ რესპონდენტებს. ეს მტკნარი სიცრუეა. ყოველ შემთხვევაში, მე საკუთარ თავზე ვაგებ პასუხს.
– მე თავი დავიცავი, რაღაცა ხომ უნდა გამეკეთებინა? პირველ პრესკონფერენციაზეც გითხარით შენ და ჩუბინიძეს, თქვენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, შემრცხვებოდა. კონკრეტულად შენზე არ ვამბობ, ვიღაცებს უნდა რცხვენოდეთ. ამას დავანებოთ თავი, მართლა ჩავაბაროთ წარსულს ბევრი რამე, ჩვენ ახლა უფრო დიდი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, სააკაშვილის რეჟიმი გვყავს გასაშვები. ნახე, როგორი კარგი გუნდი შევკრიბე? მაგარი ხალხია, აი, ნახავ, როგორ გავუშვებთ “ნაცმოძრაობას” ხელისუფლებიდან!
– ყველა გამოკითხვით “ოცნებას” 30 პროცენტი აქვს, როგორ გაუშვებთ?
– აი, ნახავ, თუ ვერ გავუშვებთ… ჩვენ მაგარი გუნდი გავაკეთეთ, მაგარი.
– “რესპუბლიკელებზეა” ატეხილი ერთი ამბავი, ნეტა რაში გჭირდებოდათ, რატომ დაიყენეთ გვერდით მოღალატეები და რატომ გარიყეთ თუნდაც ნინო ბურჯანაძე?
– მაგ ქალბატონმა ჯერ საზოგადოებას ის აუხსნას, როგორ გააპარეს 26 მაისის მოვლენების შემდეგ მისი ქმარი ქვეყნიდან. ხომ არ გახსოვს, შენ გაიყვანე?
– არა, კარგად მახსოვს, მე არ გამიყვანია.
– ჰოდა, ჯერ თვითონ აუხსნას საზოგადოებას… ისე, “რესპუბლიკელებს” რას უწუნებ?
– ყველას წამოეკიდნენ, ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა და მერე უღალატეს. უჯიშო კოსმოპოლიტები არიან და მოვა დრო, თქვენც გიღალატებენ!
– განათლებული ხალხია… თუ ვინმე არასწორ გზას დაადგება, მე კი არა, ქვეყანას უღალატებს. ახლა ასეა საჭირო, არ ინერვიულო, მე ყველაფერი ვიცი, ისე იქნება საქმე, ვერც კი წარმოიდგენ. აბა, ვინ უნდა დავიყენო გვერდით, გაყიდული შალვა ნათელაშვილი, 2007-ში ფორმალურად რომ დარბოდა და იმალებოდა?!
– აი, შალვაზე ვერ წარმომიდგენია, რომ გაყიდული იყოს, სააკაშვილს ებრძვის გააფთრებული.
– მე წარმომიდგენია და ვიცი… გეუბნები, მაგარი გუნდი შევკარით, ყველაზე ძალიან მაინც კობა დავითაშვილი მომწონს, პირში მთქმელი კაცია, ხან მლანძღავს კიდეც. რამდენიმე დღის წინ კაბინეტში შემომივარდა და მეუბნება, არ ხარ კარგი კაცი, მიხეილ სააკაშვილს რატომ აფინანსებდიო? ვუხსნი, მე სააკაშვილს კი არა, სახელმწიფოს ვაფინანსებდი, როცა დავინახე, ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვიეს, კი შევუწყვიტე! ნოდარ ხადური ნახე, როგორი საყვარელი კაცია?
– ნოდარ ხადური?
– კი, პრინციპულია და საყვარელი.
– ცოტა უცნაურად იქცევა, ყველაფერზე ჯიჯღინებს და წითლდება, განსაკუთრებით ჩემს მიმართ აქვს გართულება, თითქოს ჭორებს ვუგონებ. არადა, რაც დავწერე, ყველაფერი ახდა, მოვლენები ისე განვითარდა.
– არა, არა, ნოდარი კარგი ბიჭია, ნამდვილად გვჭირდება.
– კი, ბატონო არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ, რომ “ოცნებას” უმრავლესობის მოპოვება და სააკაშვილის რეჟიმის ჩამოშორება შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
– ჩვენ აუცილებლად მოვალთ უმრავლესობით, აუცილებლად!
– ღმერთმა ქნას, – ვეუბნები ცოტა იჭვნეულად. თან ვფიქრობ, ამ ადამიანმა რაღაც ისეთი იცის, სხვანაირად ვერ იქნებოდა ასე დარწმუნებული. შეიძლება ეს პოლიტიკური ფანდია და მოსახლეობაზე ჭრის კიდეც. ამასობაში თითქმის 3 საათი გადის. ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაფერზე – რუსეთზე, სტალინზე, საქართველოზე, ქართველობაზე და იმაზეც, თუ როგორ დასჯის დამნაშავე “ნაციონალებს” გამარჯვების შემთხვევაში.
– დამიჯერე, ყველა დამნაშავე დაისჯება, ვისაც არაფერი ჩაუდენია და მხოლოდ “ნაციონალია”, რას ვერჩით? მოვა დრო და ეს ადამიანებიც შეიცვლიან აზრებს, ისინი სულ სხვანაირები გახდებიან. დამნაშავეების დასჯა უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში, ისე არ გამოვა, როგორც სააკაშვილი აკეთებდა.
– ძალიან ბევრის დაჭერა მოგიწევთ, ბატონ ბიძინა, ძალიან ბევრის.
– მოგვიწევს გამოხშირვა, პასუხი უნდა აგონ ბინძური საქმეების დამკვეთებმა და შემსრულებლებმა. თუ ძირეულად ჩავყვებით, შეიძლება საქართველოში ყოველი მეორე დასაჭერი აღმოჩნდეს. არადა, ძალიან ცოტანი დავრჩით ქართველები, ეს ხალხი როგორმე უნდა შემოვატრიალოთ. თუ ადამიანი “ნაციონალი” იყო და მისი დანაშაული მხოლოდ ესაა, ვერც სამსახურიდან გავუშვებთ და მით უმეტეს, ვერც დავიჭერთ. ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, რაც ვართ, ეს ვართ.
– გეთანხმებით, რაც ვართ, ეს ვართ, მაგრამ შეიძლება თქვენმა მიდგომამ თქვენივე მომხრეებში გამოიწვიოს გულგატეხილობა და უიმედობა.
– ყველაფერს უნდა მოვეკიდოთ გაგებით, ჩვენი მომხრეები გაგვიგებენ… აბა, რა გავაკეთოთ, ყველა გავყაროთ სამსახურებიდან და დავიჭიროთ? საქართველოში უნდა დამთავრდეს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სამსახურებიდან ხალხის გაყრა. მოვიდა მიშა, გაყარა უდანაშაულო ადამიანები, დაიჭირა, მოიყვანა თავისი მომხრეები, მოვალ მე – გავყარო ყველა და მოვიყვანო ჩემი მომხრეები? ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. წეღან რუსეთზე მკითხე, ხომ? როგორც სააკაშვილის რეჟიმი იქცევა, მოგწონს?
– როგორ შეიძლება, მომწონდეს?
– თუ რუსეთთან არ გამოვძებნეთ საერთო ენა, ისევ ჩვენ დავზარალდებით. აქ ორი აზრი არ არსებობს.
– მოახერხებთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, როცა ირგვლივ ამდენი მოღალატეა?
– სხვა გზა გვაქვს?
– არ გვაქვს, – ვპასუხობ ხელის ჩაქნევით. ვატყობ, ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ. კიდევ შეიძლება გაგრძელება, მაგრამ დაიღალა, ვინ იცის, კიდევ რამდენი შეხვედრა აქვს დღეს. თუმცა ერთი კითხვა არ მასვენებს: რატომ მოისურვა ჩემთან საუბარი, რა ისეთი წითელი კოჭი ვარ? პასუხი მოულოდნელია.
– მე ვფიქრობ, რომ შენ კარგი ჟურნალისტი ხარ, საქართველოში პირველი.
– ოოოჰ, ამას დავბეჭდავ და ნახავთ, რა ამბები ატყდება ქართულ მედიაში.
– დაბეჭდე, არაა პრობლემა, – იცინის.
– მართალია ჩემი მხრიდან თავხედობასავით გამოვა, მაგრამ მაინტერესებს, თქვენს შეფასებას როგორ მიიღებენ ჩემი კოლეგები.
– კარგად მიიღებენ… თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ მე არ მისაუბრია როგორც ჟურნალისტთან, მართალია, მე ასაკით უფროსი ვარ, მაგრამ მაინც ერთი თაობის ადამიანები ვართ და კარგად გვესმის ერთმანეთის.
– გეთანხმებით, მაინც ერთი თაობა ვართ, საბჭოთა რეჟიმგამოვლილი.
– სხვათა შორის, მე ვიცი, რომ თქვენთან კარგი და ძლიერი ჟურნალისტები მუშაობენ, მაგრამ პირდაპირ გეტყვი, ცოტა წაუყვითლებთ. მალე დადგება დრო, როცა ასეთ პრესას გასავალი აღარ ექნება, უბრალოდ საზოგადოება აღარ წაიკითხავს. თქვენ გაქვთ შანსი, გადახვიდეთ უფრო სერიოზულ რელსებზე და იყოთ სოლიდურები.
– აი, ამ საკითხში არ გეთანხმებით, ჩვენ ნამდვილად არ ვართ ყვითელი პრესა, რადგან ვმუშაობთ ფაქტებზე დაყრდნობით. სამწუხაროდ, საქართველოში კარგად ვერ არკვევენ, რას ნიშნავს ყვითელი მედია. მე თუ მკითხავთ, ასეთი ინსტიტუტი ჩვენთან არც კი არსებობს, მე ვერ ვხედავ ხეებზე ჩამოკიდებულ პაპარაცებს, როგორც, მაგალითად, ამერიკაშია. როცა ვინმეს ვაქებთ, ციდან ჩამოფრენილი ჟურნალისტები ვართ, როცა ვაკრიტიკებთ – ყვითლები, ეშმაკები, დემონები და გათახსირებულები. თქვენ რა იცით წინასწარ, როგორ პრესას წაიკითხავს ქართული საზოგადოება?
– მე მინდა, პრესას დავეხმარო, თუნდაც ფინანსურად, თუნდაც ანალიზის თვალსაზრისით… მაქვს სურვილი, შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება ჟურნალისტებს, სწორი ანალიზის უნარი გამოიმუშავონ და რეალურად შეაფასონ მოვლენები. ჩვენთან ექსპერტებიც სცოდავენ, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, ხალხს ისე უბნევენ თავგზას, ხშირად ცხოვრება კოშმარად მოგეჩვენება. ექსპერტებიც უნდა აღვზარდოთ, მათაც სჭირდებათ სწორი ანალიზის უნარის გამომუშავება.
– ძალიან რთული თემაა, ჟურნალისტები და ექსპერტები ასე ხელოვნურად არ იზრდებიან, თანაც რამდენიმე თვეში, თუნდაც რამდენიმე წელიწადში. მაშინ რაღაში გვჭირდება ამდენი უნივერსიტეტები?
– მე ვლაპარაკობ ჭორიკანა ჟურნალისტებზე და ასევე ჭორიკანა ექსპერტებზე, რომლებიც საერთოდ აცდენილები არიან რეალობას. სააკაშვილის რეჟიმმა ბევრი გადააგვარა, ბევრს აურია გონება.
– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ… თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ძალიან რთული თემაა და არა მგონია, რამე გამოგივიდეთ.
– ვნახოთ, მე კი მგონია, რომ ყველაფერს ისე დავალაგებთ, როგორც ქართველ ხალხს უნდა, ხალხიც ისწავლის სწორი ანალიზის გაკეთებას, – ასკვნის ბატონი ბიძინა და ფეხზე დგება.
ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებით. კარს მიღებს და გულთბილად მართმევს ხელს. დაცვის წევრები ისევ “ცოცხლდებიან”. მისაღებში აღარავინაა, ყველა წასულა, თათბირი ჩაიშალა. დაცვის ერთ-ერთი წევრი “დიქტოფონს” მიბრუნებს.

“ქართული ოცნების” ოფისის ეზოში ჩვეული ფუსფუსია. ადამიანები მოდიან, დგანან, ვიღაცებს ელოდებიან, ხვდებიან, ესაუბრებიან, მიდიან. ამჯერად ეს ადგილი გახლავთ იმედის ერთადერთი კუნძული, ძალიან ბევრი დარწმუნებულია, რომ სწორედ აქ იპოვის სამართალს. ყოველ შემთხვევაში, აქ პირდებიან სამართლიანობის აღდგენას და ისინიც იჯერებენ. თუმცა აქ მოსვლა ჯერ კიდევ საშიშია, გარშემო, ყველა შენობასა თუ ხეზე ვიდეო-კამერებია დამონტაჟებული, ვანო მერაბიშვილის ბიჭები ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ. თუ ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაიმარჯვა, თუ ვერ დაანგრია სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი, მერე ნახეთ ვიდეოებისა და ე.წ. ფაქტების დადება.

ოფისის ეზოში და გარშემო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ეზოში თავად “ქართული ოცნება” აწესრიგებს გარემოს, გარე პერიმეტრზე თბილისის მერიამ დაიწყო ქუჩების გადათხრა, ვითომ საკანალიზაციო სისტემებია შესაცვლელი. სინამდვილეში ამ საქმეს მუშები კი არა, უშიშროების თანამშრომლები აკეთებენ. ისინი ცუდი მსახიობები არიან, აშკარად ეტყობათ, აშკარად იშიფრებიან, როცა მუშაობის ნაცვლად ყველას ზვერავენ, ყურს უგდებენ, უსმენენ, მერე სადღაც რეკავენ და დირექტივებს იღებენ. მიუხედავად ამისა, მომსვლელთა თვალებში ვერ ვხედავ შიშს, მათ შიში ორჯერ გადალახეს – 2007-ში და 2011-ში, ახლა მხოლოდ ტექნიკის საქმეა, რაც ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეასრულოს და სააკაშვილის გათავხედებული რეჟიმი დაასრულოს.

მანქანაში ვჯდები და ვფიქრობ, ფიქრით ლამის თავი მისკდება – ახლა რა უნდა გავაკეთო, წავიდე და შინაურულ წრეში ყველაფერი მოვყვე? არის რაღაც ისეთი დეტალები, რაზეც ვერ მოვყვები, ვერც აქ დავწერ, მაგრამ ზოგადად მაინც ხომ უნდა ვთქვა, რა მითხრა ამ კაცმა და მე რა ვუპასუხე? დავუშვათ, საერთოდ არაფერი ვთქვი, დავმალე, ასეც არ გამოდის, ამას მოჰყვება უამრავი ჭორი და აქედანვე ვგრძნობ, გამიჩნდება უამრავი მტერი. წინა კვირას სააკაშვილის რამდენიმე ჟურნალისტი გამოვიდა და განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი საიდუმლო ვითარებაში შეგხვდა და დიდი ფული შემოგვთავაზაო. მე რომ ვიყო ბუნებით ავაზაკი, ახლა მაქვს “შანსი”, დავიწყო ტრაბახი, ივანიშვილმა ფული და თანამდებობა შემომთავაზა, არ გავიყიდე, მაგარი ბიჭი ვარ-მეთქი. მე დღესაც მიკვირს, როგორ არსებობენ, როგორ დადიან დედამიწაზე ასეთები და როგორ უყურებენ ადამიანებს თვალებში? ისინი ცრუობენ, ბიძინა ივანიშვილი ასე ჰაიჰარად, ასე დაუფიქრებლად, მით უმეტეს, სააკაშვილის, თუნდაც არა სააკაშვილის ჟურნალისტებს ფულს არ სთავაზობს და არც თანამდებობებს არიგებს. მე ამ შემთხვევაში ვუშვებ მხოლოდ ერთ მომენტს: შეგხვდება, დაგელაპარაკება, აგიხსნის, თუ იქით შესთავაზებ რამე საინტერესოს, ან დაგთანხმდება, ან – არა. სულ ესაა. თუმცა მას ახასიათებს ერთი ძალიან დადებითი თვისება, თუ მოეწონე, ყოველთვის ცდილობს, ყურადღების ცენტრში ჰყავდე, ამას არ მალავს არც პირად ურთიერთობაში და არც საჯარო გამოსვლების დროს, მაგრამ თუ რამე ისეთი შეგამჩნია, ჩვენში ღალატს რომ ეძახიან, ეგრევე გაწყვეტს ურთიერთობას და დაგმარხავს თავის მეხსიერებაშიც კი. ამის დამადასტურებელი მაგალითები ბევრია, ამაზე მომდევნო თავებში მოგიყვებით.

როგორც უკვე გითხარით, ვზივარ მანქანაში და ვფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცე ამ წუთის შემდეგ? მდგომარეობის შეცვლას არ ვაპირებ, არსებობს ვალდებულებები, ადამიანური ურთიერთობები, ბოლოს და ბოლოს, ერთგულება იქ, სადაც ხარ, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაგიტარებია და რაღაცა მოგიპოვებია. შეიძლება ბევრისთვის გადახტომა-გადმოხტომა თუ პოზიციების შეცვლა ძალიან იოლია, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ერთგულება-მოვალეობის პრინციპი. არადა, მოგვიანებით ვხვდები, რომ ეს ორი პრინციპი ხშირად ცხოვრებისეული ლირიკაა და მეტი არაფერი. ერთხელაც დაგიდგება დრო, როცა საკუთარ თავთან განმარტოვდები და წამოიძახებ: კი, მაგრამ ვის სჭირდება შენი ერთგულება, შენი მოვალეობა? რამდენადაც მიდიხარ ამ გზით, რამდენადაც გრძნობ სინდისის ძახილს, რომ იცი, მე პირნათელი უნდა ვიყო ყველასთანო, მით უფრო ბევრ შეცდომას უშვებ და უამრავ წყალქვეშა რიფს ეჯახები. ერთ დღესაც მიგიყვანენ იმ დონემდე, რომ იტყვი: აღარ მინდა ეს მოვალეობა და ერთგულება, დაე, გიწოდონ უმადური, გიწოდონ გათახსირებული, უნდა მივყვე ცხოვრებას ისე, რომ არ დამავიწყდეს საკუთარი ინტერესები!.. თუმცა ასეთი ფიქრი ხშირად ერთჯერადია და გათენდება თუ არა ახალი დილა, ისევ ძველ ჩვენებას აწვები.

ერთი სიტყვით… ვფიქრობ, ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვგრძნობ, რომ ქვეყანაში მალე უნდა შეიცვალოს ყველაფერი. როგორ? ეს არ ვიცი, ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაპირება: “აი, ნახავ, ყველაფერი მაგრად იქნება”! იმასაც ვგრძნობ, რომ პირადად ჩემშიც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, იცვლება ბევრი რამ. თუ რა, ამას შემდეგ ვხვდები, როცა მეგობარი მტრად მექცევა, ხოლო მტერი ცდილობს, მოყვრის როლი ითამაშოს.

 

პირველი თავის დასასრული

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

maxresdefault1

გიორგი შენგელაია: ეს არის დამპალი ლიბერალიზმი!

  გიორგი შენგელაია: “ნაციონალური მოძრაობა” არის ნაგავი თავის ლიდერებიანად და წევრებიანად. მაგათ რომ უფლება მიიღეს, …