შაბათი , იანვარი 21 2017
15151356_1293160757381399_1358731378_n

რატომ არ შეიყვანა კოალიციაში ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძე?

 5,410 ნახვა

თავი მეორე

 

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მეორე დღესვე გაზეთ “ალიაში” ვაქვეყნებ ერთგვერდიან ინტერვიუს, სადაც საუბარია ნინო ბურჯანაძეზე, შალვა ნათელაშვილსა და “რესპუბლიკელებზე”. ამათგან ყველაზე მეტად ქალბატონი ნინო ღიზიანდება, აწყობს საგანგებო ბრიფინგს და აკეთებს ზოგად განცხადებებს:

„მე კატეგორიულად მოვითხოვ, ან უარყოს ან არგუმენტებით და დოკუმენტებით დაასაბუთოს ბიძინა ივანიშვილმა ის ბრალდება, რომელიც მან ჩემს მიმართ წამოაყენა გაზეთ „ალიას“ კორესპონდენტთან საუბრის დროს, მას აუცილებლად მოუწევს ამ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, გარწმუნებთ, მე ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ“.

მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერები და თვით ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი, მაია ფანჯიკიძეც აკეთებენ საკმაოდ მკაფიო განცხადებებს, ქალბატონი ნინო მაინც კატეგორიულად ითხოვს პირველი პირის განმარტებას.

მაია ფანჯიკიძე: “საერთოდ არ მესმის, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი? ჟურნალისტმა დაუწყო ბატონ ბიძინას ამაზე ლაპარაკი და დაისვა ეს კითხვა. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არც ბიძინა ივანიშვილს, არც იმ ჟურნალისტს და არც საზოგადოებას. ბურჯანაძეს კი შეუძლია გასცეს პასუხი და ამით დამთავრდება ეს ამბავი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს – „კიდევ ვის დაველაპარაკო, ნინო ბურჯანაძეს? ბადრი ბიწაძე თქვენ გაუშვით უცხოეთში”? აქ სადმე წერია სხვა რამე? აქვე გეტყვით, რომ ეს ინტერვიუ არ ჩაწერილა დიქტოფონზე. ეს იყო ორ ადამიანს შორის საუბარი, რომლიდანაც შემდეგ ეს ინტერვიუ გამოვიდა, ამიტომ იქ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ფაქტი ერთია, რომ ეს შეკითხვები არსებობს, ეს კითხვები საზოგადოებასაც აქვს და პასუხი არ არის. თუ ნინო ბურჯანაძისთვის ეს ასე მნიშვნელოვანია, შეუძლია ამ კითხვას პასუხი გასცეს. მის ულტიმატუმს მივიღებთ ცნობად, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ულტიმატუმზე რაიმე რეაგირება გვქონდეს”.

სოზარ სუბარი: “მე ბატონ ბიძინასთან ვისაუბრე და მითხრა, – ეს თემა თავად ჟურნალისტმა წამოსწია და მეც ვუთხარი, – კი ბატონო, ეს არის კითხვა, რომელიც ბევრ ჩვენგანს აქვს, მე ჟურნალისტის კითხვას ვუპასუხე და ამაში არაბუნებრივი არაფერიაო”.

მანანა კობახიძე: “არ უთქვამს ივანიშვილს, ბურჯანაძე მოღალატეაო. კი, ბატონო, საზოგადოებაში არსებობს კითხვები და არც ქალბატონ ნინოს არ აქვს იმის პრობლემა, რომ უპასუხოს. რაც შეეხება ინტერვიუში ნახსენებ სხვა პარტიებს, ისინი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ და უნისონში მოქმედებენ, ძალიან ხშირად მათი განცხადებები ემთხვევა ხელისუფლების განცხადებებს”.

ზვიად ძიძიგური: “გელა ზედელაშვილთან ინტერვიუ, ურთიერთობა… ეს, რა თქმა უნდა, არის გაჯერებული… ამ კაცის ინტერვიუები, საქმიანობა თუ თავისი რაღაცა ნაწერები მუდმივად რაღაცა მყვირალა და ხმაურიანია… ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მე მგონი, ასეთი ფრაზა რაღაცა მე არ მახსოვსო, თვითონ გელას ეკუთვნის თუ მე მეკუთვნისო. ჩემი მხრიდან. ერთი მარტივი რამ არის, ამას გაბრაზება კი არ უნდა, რა კითხვაა ისეთი, რომ ამაზე პასუხის გაცემის ნაცვლად გაბრაზდე, გაწიწმატდე, დაიწყო ჩხუბი? ასეთი კითხვა არსებობს, ამათი შიშით ცაში ჩიტი ვერ დაფრინავს და მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადის. საზოგადოებაში არსებობს ისეთი აზრიც, რომ ბადრი ბიწაძეს სთავაზობდნენ საპროცესო გარიგებას, ძალიან მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული და კითხვები იყო საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით, ამაში რამე ახალია”?

ირაკლი ბათიაშვილი: “მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ესეთ სისულელეს ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ იტყოდა… აი, ღრმად ვარ დარწმუნებული. მე მას ვიცნობ, მისი საქმეებიდან გამომდინარე, როგორც ჭკვიან კაცს, ძალიან მოაზროვნე კაცს. ესეთ სისულელეს რო ის არ იტყოდა, ვიცი. როცა გინდა, რომ ცილი დასწამო ვიღაცას შავი პიარის მიზნით… აი, გებელსი ამბობდა, რაც უფრო დიდ ტყუილს ვიტყვითო, მით უფრო დაიჯერებს ხალხიო. ჩვენ გვაინტერესებს, ივანიშვილმა ინტერვიუში დასვა ეს შეკითხვა ბადრი ბიწაძის მიმართ თუ არა”?

ნინო ბურჯანაძე: “სიმართლე გითხრათ, ნამდვილად, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავდებ ჟურნალისტს ბრალს, რომ ან ვერ გაიგო სწორად, ან რაღაც არასწორად იყო, ეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას. მაგრამ იმ ინტერვიუში იმდენი შეუსაბამობაა და იმდენი რამ წერია ისეთი, რომელიც, წესით, ადამიანმა თუ არ იცის, ანუ საზოგადოებამ თუ არ იცის, ბატონმა ბიძინამ ნამდვილად არ უნდა მოუყვეს ეს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, მართლაც ძალიან საინტერესო იქნება მისი პასუხი. მე იმედი მინდა ვიქონიო ისევე, როგორც “სახალხო კრების” დანარჩენმა წევრებმა, რომ ის უარყოფს ამ ბრალდებას, მით უფრო, რომ დღეს გამოჩნდა მისი თანაგუნდელების მხრიდან ამ ტიპის ბრალდების უარყოფის მცდელობები, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გახდეს ცნობილი საზოგადოებისათვის”.

როგორც ხედავთ, ბიძინა ივანიშვილის მისამართით იწყება ისტერიკა. ქალბატონი ნინო და მისი მიმდევრები დაჟინებით ითხოვენ, გამოვიდეს და დაასაბუთოს, რაც თქვა ბადრი ბიწაძესთან დაკავშირებითო. სწორად აღნიშნავენ “ქართული ოცნების” ლიდერები – რა არის აქ ისეთი, რაც უნდა დაადასტუროს თუ დაასაბუთოს ბიძინა ივანიშვილმა? არაფერი, ადამიანმა დასვა კითხვა იმ თემაზე, რაც აინტერესებდა საზოგადოებას. შეიძლება მან ბევრი იცის, მაგრამ არ არის ვალდებული, რამე დაასაბუთოს. ამავე პერიოდში ვრცელდება ჭორები, თითქოს ბიწაძე გუბაზ სანიკიძემ გააპარა საქართველოდან, თითქოს ყოფილმა თანამშრომლებმა დაინდეს და ასე შემდეგ. ალბათ, ხვდებით, აქ ბიწაძის გაპარება-არგაპარება კი არ არის მთავარი, არამედ ივანიშვილ-ბურჯანაძის სამომავლო ურთიერთობა. ბატონი ბიძინა ასეთი “ნამიოკით” მიანიშნებს, რომ ქალბატონ ნინოსთან არასოდეს ექნება პოლიტიკური კავშირი, ის არასოდეს ითანამშრომლებს ამ ადამიანთან.
ჩვენი საუბრის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, ნინო ბურჯანაძე, რომელიც, ფაქტობრივად, გახლავთ “სახალხო კრების” ლიდერიც, მართავს პრესკონფერენციას. მისი პრეს-მდივანი, ბაკურ ბაკურაძე მეუბნება, რაკი საკითხი შენს სტატიას ეხება, იქნებ “დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში მოხვიდეო? მივდივარ, ვესწრები, რაც იქ ითქვა, უკვე მოგახსენეთ. ბრიფინგის დამთავრების შემდეგ მეუბნებიან, რომ ქალბატონ ნინოს ერთი-ერთზე უნდა ჩემთან საუბარი. მაცილებენ მის კაბინეტამდე, სადაც სხედან ნინო ბურჯანაძე და ვახტანგ ყოლბაია (შემდგომში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე). ბატონი ვახტანგი ხვდება, რომ უნდა დაგვტოვოს.
– ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, რა უნდა ამ კაცს ჩემგან?! – მეკითხება კატეგორიული ტონით ბურჯანაძე.
– არ ვიცი, რაც მითხრა, დავწერე…
– თვალებზე გეტყობა, რომ კიდევ ბევრი რამ გითხრა!
– ქალბატონო ნინო, რაც თქვა, რა შეკითხვაც დასვა, ეს საკმარისი არ არის?
– გაოგნებული ვარ, მართლა ვერ გავიგე, რა უნდა!
– არ ვიცი, ეგ თქვენმა თანამებრძოლებმა უნდა გითხრან, ისინი ხომ ერთი კვირის წინ შეხვდნენ ბატონ ბიძინას? ჰკითხეთ “სახალხო კრების” ლიდერებს – თემურ შაშიაშვილს, ნონა გაფრინდაშვილს, გოგი ქავთარაძეს, ლუკა კურტანიძეს, სოსო ჯაჭვლიანს, ირაკლი ბათიაშვილს, გია ბურჯანაძეს და სხვებს. როგორც მე ვიცი, ბიძინა ივანიშვილი ენდობა ყველას, თქვენს გარდა, მათ შესთავაზა, რომ გადავიდნენ “ქართულ ოცნებაში” და კენჭი იყარონ საპარლამენტო არჩევნებში. ქალბატონმა ნონამ, გია ბურჯანაძემ და სხვებმა უარი თქვეს, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და გოგი ქავთარაძე დათანხმდნენ. გიმეორებთ, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილისთვის მისაღებია ყველა, თქვენს გარდა.
– რატომ, ამ ყველაფერს მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს?
– “სახალხო კრების” წევრებისა და ივანიშვილის შეხვედრის 15-წუთიანი ვიდეო-ჩანაწერი “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, რომელიც გახლავთ დამონტაჟებულ-შელამაზებული, გამოითხოვეთ 3-საათიანი ჩანაწერი და ყველაფერი გასაგები გახდება თქვენთვის. მე მითხრეს, რომ რამდენიმე პიროვნებამ თქვენი დაცვა გადაწყვიტა, იყო კამათიც, თითქოს მოთხოვნაც, თუ ნინო ბურჯანაძეს შემოიყვანთ კოალიციაში, “სახალხო კრების” ყველა წევრი გვერდით დაგიდგებათო… თუმცა ამაზე ივანიშვილმა თქვა კატეგორიული უარი.

ამით მთავრდება ჩემი აუდიენცია ნინო ბურჯანაძესთან. მართალია, ყველა დარწმუნებულია, ასეთ რამეს ვერ მოვიგონებდი, მაგრამ ბევრი ჩასაფრებულის პოზიციას იკავებს, რადგან ბატონ ბიძინასთან საუბრის ჩანაწერი არ გამაჩნია. სხვათა შორის, მე 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, მომავალი პრემიერი არაფერს უარყოფს.
კოალიცია ჯერ კიდევ არ არის მყარად ჩამოყალიბებული. ბევრი იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც ქალბატონ ნინოსაც დაუძახებენ და თანამშრომლობას შესთავაზებენ. მე კი ვიცი, ეს არასოდეს მოხდება, რადგან ბატონ ბიძინას აქვს ეჭვები. ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ არ მითხრა. მოგვიანებით ისინი ხვდებიან კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ეს გახლავთ შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის.

 

მეორე თავის დასასრული

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

maxresdefault1

გიორგი შენგელაია: ეს არის დამპალი ლიბერალიზმი!

  გიორგი შენგელაია: “ნაციონალური მოძრაობა” არის ნაგავი თავის ლიდერებიანად და წევრებიანად. მაგათ რომ უფლება მიიღეს, …