შაბათი , იანვარი 21 2017
15226576_1298649996832475_421088413_n

რატომ ჩამოვარდა სიძულვილი ბიძინა ივანიშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის?!

 5,223 ნახვა

თავი მესამე

 

რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძის შემდეგ ვხვდები შალვა ნათელაშვილს. ვინაიდან, შალვასთან ვმეგობრობ და მის მეუღლესთან – ბელა ალანიასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, შემიძლია შინაურულად ვესაუბრო. სიმართლე გითხრათ, როცა ბიძინა ივანიშვილმა “ლეიბორისტების” ქარიზმატული ლიდერი პირველივე წერილში ფსევდო-ოპოზიციონერად მოიხსენია და შემდეგაც არაერთხელ გააკეთა განმარტება, გული დამწყდა… მანამდე, მეც და თქვენც ვიცნობდით უკომპრომისო, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლ შალვა ნათელაშვილს. შეხვედრისას ბატონ ბიძინას შევეკამათე კიდეც, შეიძლება ყველაფერი დავიჯერო, მაგრამ ამ ადამიანის ღალატს და გამყიდველობას ვერ დავიჯერებ, ბოლო-ბოლო, 2007 წლის ნოემბერში ცოლ-შვილი კახეთში ჰყავდა გადამალული, სააკაშვილის ხელის ბიჭები დასაპატიმრებლად დასდევდნენ-მეთქი. არ ვიცი, როგორც ჩანს, მან ყველაფერი დეტალურად იცის და ამიტომაც აზრი ვერ შევაცვლევინე. ერთი საკითხი, რომელმაც ნათელაშვილი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა, გახლავთ ივანიშვილის აღიარება. მან ჩემთან საუბარში თქვა: როცა შალვა მიშასთან იყო შეკრული და ფორმალურად იმალებოდა, ვანო მერაბიშვილს დავურეკე და ვუთხარი – თუ მაგ კაცის მიმართ სამხილები არ გაქვთ, ნუ დაარბენინებთ ასე უაზროდ, თუ გაქვთ, მაშინ დაიჭირეთო. მე ჩავთვალე, რომ ეს იყო ისე, ზოგადად ნათქვამი, ასეთ რამეს თითქმის ყოველდღიურად ვამბობთ მავანთა მისამართით – თუ სამხილები გაქვთ, დააპატიმრეთ, თუ არა და, ნუ მიედ-მოედებითო! თუმცა შალვა თვლის, რომ ივანიშვილმა მისი დაჭერის ბრძანება გასცა, ან მოითხოვა.

– დიახ, ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილსა და სააკაშვილს დაუკვეთა ჩემი მკვლელობა! – ყვირის ნათელაშვილი, ადგილზე ვერ ჩერდება, თავის კაბინეტში ბოლთას სცემს და ძალიან ნერვიულობს.
– შალვა, მე მგონი, აჭარბებ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა შენი მხრიდან, – ვეუბნები მშვიდად, ვცდილობ, დავაწყნარო.
– გელა, ნახე, რას აქვეყნებს ცნობილი საიტი “ვიკილიქსი”, ეს არის ამერიკელი დიპლომატის წერილი გაგზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტში: “საქართველოში ამერიკის ელჩმა, ჯონ ტეფტმა მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით დაურეკა. ტეფტმა და საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის შესახებაც ისაუბრეს. სააკაშვილმა უთხრა ელჩს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს შალვა ნათელაშვილი თავის ოჯახთან ერთად ცხინვალის გავლით რუსეთში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობას სჯერა, ნათელაშვილი კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად რუსულ ფულს იღებდა იმისთვის, რომ 2 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციები ხელისუფლების დასამხობად გამოეყენებინა”. ნახე, როგორი გეგმა იყო, მე უნდა გავქცეულიყავი ცხინვალის გავლით რუსეთის მიმართულებით და ჩამცხრილავდნენ საზღვარზე. ამ ყველაფერში ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილი, ის არის მკვლელი, ქილერი, მას ბევრი ჰყავს გასტუმრებული ამ ქვეყნიდან. მე ხომ არაფერს ვიგონებ?!
– აქ ივანიშვილი რა შუაშია? როგორც ვხედავ, ტეფტი მას საერთოდ არ ახსენებს.
– სააკაშვილი ელაპარაკება ტეფტს და ისიც აგზავნის სახელმწიფო დეპარტამენტში ამ წერილს. აი, რა დონის გულუბრყვილო ვარ, კაცს ჩემი მოკვლა აქვს შეკვეთილი და მე პრემიერ-მინისტრად ვასახელებ. საერთოდ, ჰკითხეთ ივანიშვილს, თუ ვინმეს რამე უანგაროდ გაუკეთებია მისთვის, ოჯახის წევრებსაც კი, თუ ვინმეს ერთი სიტყვა დაუსველებია მის სასარგებლოდ ოდესმე, ჩემს მეტს? პრემიერ-მინისტრად დავასახელე კაცი, ამხელა პიარი გავუკეთე მთელ მსოფლიოში და მადლობის სანაცვლოდ აგერ, ტყვიას მესროდა თურმე!
– ვიმეორებ, ეს სერიოზული ბრალდებაა.
– ჩემთვის ყველაფერი ცხადია… სიმართლე გითხრა, მეც მიჭირდა ბოლომდე გარკვევა, რა ხდებოდა, ვიფიქრე, შეიძლება სხვა რამე ეწყინა, სასახლეს რომ აშენებდა ნარიყალაზე, იქ მივუხტით, ალბათ ის სწყინს-მეთქი, მაგრამ ახლა ყველაფერი დადგა თავის ადგილზე… ბადრი მოკლეს, მეც უკვე სიკვდილი მქონდა მოსჯილი, დამდევდნენ ისე, მონადირეები რომ დასდევენ ხოლმე გარეულ მხეცს. როგორც შემდგომ გაირკვა, საწამლავიც მქონდა მიღებული და ოპერაცია დამჭირდა. ერთი სიტყვით, იწმინდებოდა პოლიტიკური მინდორი ივანიშვილისთვის. აი, ნახე, რას წერს ივანიშვილი 2011 წლის 23 მაისს გაზეთ “კვირის პალიტრაში”… ეს “ქართუ ჯგუფის” სახელით გამოქვეყნდა, მაგრამ ვიცი, მისი დაწერილია, ერთი ფრაგმენტი წავიკითხოთ: “ბატონო შალვა, არ დაგიმალავთ, თქვენ მიმართ რამდენჯერმე სიბრალულის გრძნობა გაგვიჩნდა და აი, რატომ: თქვენი ბრალეულობა ხომ სინამდვილეში მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ თქვენი სუსტი ნებისყოფის გამო, სიწუწკეს ვერ სძლიეთ და, როგორც ამბობენ, ერთხელ აიღეთ ფული იქ, სადაც არ შეიძლებოდა (რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან, არჩევნებისთვის ადგილების გაყიდვით… და სხვ.). შესაძლებელია, ეს გაიმეორეთ კიდევ ერთხელ ან რამოდენიმეჯერაც.
რა მოხდა მერე, კაცო, ისეთი?! ამის გულისთვის ხომ არ შეიძლება, მთელი დარჩენილი ცხოვრება ადამიანს სხვის მონობაში გაატარებინო და სხვისი სურვილების შესრულებაში ჩაიხარჯო?! თქვენც ხომ მშვენივრად იცით, რომ ივანიშვილს ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ასეთ დროს კი იძულებულს გხდიან, თანაც ვინ? თქვენი სამშობლოს რეალური მტრები, რომ სიკეთეს ებრძოლოთ. საუბედუროდ, თქვენ ერთადერთი არ ბრძანდებით ასეთი და თქვენი მეგობარიც ამ დღეშია. თუმცა რატომ მარტო ერთი მეგობარი – მეგობრები, და არა მარტო ჟურნალისტები. თქვენი მსგავსი ფსევდოოპოზიციაც მინიმუმ კიდევ ორი მოიაზრება საქართველოში. თქვენი და თქვენნაირების მდგომარეობა შეიძლება თავისუფლად შევადაროთ იმ ერთი საბჭოთა პოეტის მდგომარეობას, რომელმაც კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი, პარტ. ფსევდონიმი) ასეთი ლექსი მიუძღვნა:
შენ შენი ნებით შენი… ცხოვრებაში ერთხელ შეჭამე,
ამით აგამაღლეს და კაცად გაქციეს,…
მე ნახევარი საუკუნეა ძალისძალად სხვის… მაჭმევენ
და დედას… უმადობა თუ შემამჩნიეს”.
მითხარი, ახლა ამას ნორმალური ადამიანი დაწერს? კიდევ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის დაწერილია ეს სიბინძურე.
– აი, თურმე საიდან იწყება პრეტენზიები.
– ეს დამიწერა, როცა მე ის დავადანაშაულე მიხეილ სააკაშვილის დაფინანსებაში. რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა: “სამაუვერენნი დურაკ”. მას ერთხელ გაუმართლა ცხოვრებაში, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და იმ ლებედთან ერთად იარაღით ვაჭრობდა ინდოეთში, დიდ ფულს გამოჰკრა ხელი, მერე გამოიქცა რუსეთიდან, რომ არ დაეჭირათ. ახლა იფიქრა, მეორედაც გამიმართლებს დიდ პოლიტიკაშიო და მან არ იცის, ბიზნესი და ბიზნეს-ნიჭი არის პოლიტიკური ინტელექტის მხოლოდ 10 პროცენტი. დანარჩენი 90 პროცენტი მას არ აქვს და ვერც ექნება. ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო, როცა გავიგე, რომ თურმე ივანიშვილი 2007 წელს დაინტერესებული ყოფილა ჩემი პრობლემით. ეს არის სრული სიახლე, მსგავსი ინფორმაცია ნამდვილად არ მქონდა, სახეზე გვაქვს ტერორისტის აღიარება.
– ცხადია, ექნებოდა ინტერესი, მაშინ ის ხელისუფლებას აფინანსებდა.
– კი, მაგრამ ეს რომ მცოდნოდა, თვენახევრის შემდეგ პრემიერად არ დავასახელებდი, არ შევაქებდი, არ ვუწოდებდი მეცენატს, უბრალოდ არ ვიზამდი ამას, ხომ? პოლიტიკური ინტერესი ეშმაკს წაუღია, პიროვნულად არ ვიზამდი ამას. ეს არის სრული ნოვაცია ჩემთვის.
– საინტერესოა, რატომ დაასახელე პრემიერობის კანდიდატად, რა აზრი გქონდა ამაში ჩადებული?
– ნესტან კირთაძემ მირჩია.
– ნესტან კირთაძეს საიდან მოუვიდა ეს აზრი, რანაირად დაგარწმუნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიგეღო?
– არ ვიცი… ჩვენ გვქონდა პოლიტსაბჭოზე მსჯელობა, ლოგიკური მსჯელობით მივედით ამ დასკვნამდე, რომ როგორმე ხალხი შემოგვეტრიალებინა… რომ დაინახავდნენ მეორე მილიარდერს ბადრის შემდეგ, ფულის მაძიებელი ხალხი აქეთ გადმოხტებოდა. აი, ეს იყო. მე არ ვიცი, კირთაძეს უკან რა ედგა, ფული თუ დაპირება, ამ ცოდვას ვერ ვიტყვი. მე ივანიშვილთან საერთოდ არ მქონია შეხება, ცოტა გვიან გამახსენდა, ის იყო თავის დროზე ჩემი დის მეზობელი და ჰყიდდა “დუხებს”. ერთ ქალს აყიდინებდა ამ “დუხებს”, ჟორა ჩხეტიანის ცოლს და მერე გადააგდო, გაყიდვის ფული არ მისცა.
– ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ, შალვა?
– ჰოოო, ბიძინაზე… ეს საწყალი ქალი დადიოდა მერე, ტიროდა მეც კი შემომჩივლა. არ მიმიქცევია ყურადღება ამისთვის. ჩემ დასთან რომ მივდიოდი, არ მახსოვს, როდისმე შევხვედროდი. ახლა ჩვენ იძულებული გავხდით, გადავრთულიყავით ისევ მასთან ბრძოლაზე… აი, ეს გააკეთა, ეს არის განხეთქილების ვაშლი ოპოზიციაში, რომელიც ისედაც დაქსაქსული იყო, დაპირისპირებული იყო, გადმოვიდა და დაანთო საუკუნოვანი ცეცხლი. ახლა ამაზე უნდა ვხარჯოთ ენერგია. მე დარწმუნებული ვარ, ის სხვების მკვლელობებსაც შეუკვეთავს, თავის თავის თანამებრძოლებზეც შეუკვეთავს, როდესაც ამ ფულს დაუხარჯავენ. სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი “მურმანის ეკალი” გამოჩნდა ერში!

ალბათ, დამეთანხმებით, ეს უკვე შეურიგებელი მტრობაა. შალვა ნათელაშვილი განიცდის, ნერვიულობს, ივანიშვილს აკრიტიკებს, ლანძღავს, ყველგან უჩივის, ამერიკაშიც, ევროპაშიც, კერძოდ – ჰააგაშიც, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი აგურიც კი ვერ გამოაცალა. თუ ნინო ბურჯანაძე უფრო დელიკატურია და დიპლომატიის რაღაც დონეს მაინც ინარჩუნებს მილიარდერის მიმართ, ნათელაშვილი ყველაფერზე მიდის. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს მომენტს, სატელევიზიო გამოსვლების დროს არ გაკენწლოს ნათელაშვილი. აშკარაა, ამ ჭიდილში ივანიშვილი იგებს, მისი პირველივე წერილის შემდეგ “ლეიბორისტებში” იწყება რყევები, პარტიიდან მიდიან მნიშვნელოვანი ფიგურები – კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და სოსო შატბერაშვილი. ისინი თავიანთ ყოფილ ლიდერს ადანაშაულებენ ფულის აღებასა და ათასგვარ მაქინაციებში. რასაკვირველია, არ არის ლამაზი, როცა თანამებრძოლები ასე შორდებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს გახლავთ ჩვენი სამწუხარო რეალობა. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს შალვა ნათელაშვილმა, ჩემი პარტია ამ ადამიანების წასვლით არ დაზარალდაო, ივანიშვილმა ვერაფერი დამაკლო, ვერ ჩამძირაო, ეს იქნება მტკნარი სიცრუე.

შეეძლო თუ არა შალვა ნათელაშვილს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის მოგვარება თავად, ან სხვების დახმარებით? არა, ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ აქვს მყარად ჩამოყალიბებული აზრი და არასოდეს შეიცვლის – როგორც ბურჯანაძის შემთხვევაში, მან იცის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვიცით. სხვათა შორის, ბატონ ბიძინას უყვარს ცხოვრებისეული ექსპერიმენტების ჩატარება, ის გასცემს ფულს, გასცემს ნდობას, გასცემს სითბოს, მაგრამ თან გაკვირდება, თუ ღალატის სუნი იგრძნო, გადადის კონტროლზე და გარკვეული დროის შემდეგ გიდებს ფაქტებს. რატომ იყო, რომ ის უშურველად აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას? რატომ არიგებდა ფულს ჯორჯ სოროსის სახელით? მას აქვს პრინციპი, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინა თვეებშიც აამუშავა: მოდით, ფულს ნუ მოიპარავთ, მე მოგცემთ, თქვით, რამდენი გინდათ, ოღონდ ღალატს ნუ ექნება ადგილი. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა მას უღალატა – იღებდა მილიონებს, რაღაც ნაწილს ხარჯავდა ძალოვანი სტრუქტურებისთვის, დიდ ნაწილს კი ფლანგავდა საკუთარი სიამოვნებისთვის, თავისი გარემოცვის კეთილდღეობისთვის. ივანიშვილმა გაცემულ მილიონებზე კონტროლი გააძლიერა 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა “ნაციონალებმა” ფეხქვეშ გაიგდეს ლამის მთელი საქართველო და ქუჩები მორწყეს სისხლის წვიმებით, ხოლო ფულის გაცემას წერტილი დაუსვა, როცა მიხეილ სააკაშვილმა მას მილიარდი დოლარი მოსთხოვა. ვფიქრობ, ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, თანხები სად, როგორ და რანაირად ნაწილდებოდა.

 

მესამე თავის დასასრული

დაცულია საავტორო უფლებები კანონის შესაბამისად. მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება.

ასევე ნახე

maxresdefault1

გიორგი შენგელაია: ეს არის დამპალი ლიბერალიზმი!

  გიორგი შენგელაია: “ნაციონალური მოძრაობა” არის ნაგავი თავის ლიდერებიანად და წევრებიანად. მაგათ რომ უფლება მიიღეს, …