ბიძინა ივანიშვილისა და “სახალხო კრების” ლიდერების კონფიდენციალური შეხვედრის დეტალები

Views: 37
Avantgardia

თავი მეოთხე

სანამ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ბობოქრობს, სანამ ბატონი შალვა ნათელაშვილი “ძიების” პროცესშია, სანამ კიდევ ერთი შალვა (რამიშვილი) ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში არჩევს ჩემი და ივანიშვილის შეხვედრის ფრაგმენტებს, ამასობაში ცნობილი ხდება იმ თათბირის შესახებ, რომელიც ბატონმა ბიძინამ გამართა “სახალხო კრების” ლიდერებთან. ამ თათბირს ნინო ბურჯანაძე არ ესწრებოდა. საუბარი იწყება 26 მაისის მოვლენებით (სტილი დაცულია):

ნონა გაფრინდაშვილი – ბატონო ბიძინა, როდესაც ჩვენ “სახალხო კრება” შეგვაქმნევინეს ფაქტიურად ღია სივრცეში… არ მოგვცეს სპორტის სასახლე, ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდა როგორი სიტყვები… ჟურნალისტებისგან, სახელისუფლო არხებისგან, არასახელისუფლო არხებისგან – აი, ნახეთ, ხალხი გამოიყვანეს და გაუშვეს სახლებში… ესე იგი, თუ როდის ვიქნებოდით მართალი, მე არ ვიცი, როცა სახლში გავუშვებდით თუ როცა – არა, მე ვერაფერს ვერ ვხედავ.

ბიძინა ივანიშვილი – ესე იგი, ეს პრესა აკეთებს 90 პროცენტი, თუ 95 პროცენტი არა, იდეოლოგიზირებულია და ერთი კაცის იდეოლოგიაზეა აგებული. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრესა თქვენ ამას მოგიწოდებდათ, ესეც მტკიცებულებაა იმის, რომ თავშივე გასაგებია, ვის უნდოდა ეს და ვისთვის იგეგმებოდა. მათ უნდოდათ ეს და ისინი მოგიწოდებდნენ, რომ იქ გაგეკეთებინათ, რაც მათ უნდოდათ.

რეზო ესაძე – მე ყველაზე მეტად უფრო განვიცდი ამ ამბავს იმიტომ, რომ იმ მომენტში იქ არ გახლდით. მე ვარ ყველაზე უფროსი ამ მოძრაობაში, ყველაზე უხუცესი გახლავართ მე და ცოტა ავადმყოფობაც…

ნონა გაფრინდაშვილი – არა, ეს ავადმყოფობის ბრალი იყო.

რეზო ესაძე – წინა დღით მე უფრო აქტიური ვიყავი, ვმორიგეობდით ჩვენ და… ერთი მიდიოდა, მეორე მოდიოდა. იმ დღეს მე წავედი, წამლები უნდა მიმეღო რაღაც…

ბიძინა ივანიშვილი – არა, მაგის გამო შეურაცხყოფას მაინც არ მოგაყენებთ… ბატონო რეზო, არ იყო მაგისი დრო.

რეზო ესაძე – არა, ბატონი გოგი დამეთანხმება, დამიდასტურებს იმ ამბავს, პირველი რაც მე ვთქვი: რა უბედური ვარ, რომ ცოცხალი ვარ-მეთქი. აი, ეს ყველაზე უფრო დიდი განაჩენია, რომელიც საკუთარ თავს მე გამოვუტანე ჯერჯერობით.

ბიძინა ივანიშვილი – ბატონო რეზო, როგორ გეკადრებათ, თქვენი სიცოცხლე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ცოცხლები უნდა დავრჩეთ და ისე მივხედოთ ჩვენს ქვეყანას.

რეზო ესაძე – მართალი ბრძანდებით. ისეთნაირად უნდა იყოს, რომ ცოცხალი ცოცხალი უნდა იყოს და არა მკვდარი.

ბიძინა ივანიშვილი – ბატონო რეზო, თქვენ არანაირი შედეგი არა გაქვთ ისეთი, რომ თავის შეწირვად ღირდეს… ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც გაგიკეთებიათ თქვენ, პატივი ვცეთ, უნდა გამოვიყენოთ დარჩენილი მუხტი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა იქ, სადაც არა…

ნონა გაფრინდაშვილი – შეიძლება თქვენ ჩემი ინტერვიუ არ წაგიკითხავთ, სადაც მე ვამბობ, რომ ტყუილს ჩემ სიცოცხლეში არ ვიტყვი, როდესაც ჩვენ, ხალხი… თქვენ არ იცით, როდესაც აღმასრულებელში მიდის მუშაობა, აბსოლუტურად ყველა განსხვავებულია და ყველას თავისი აზრი აქვს… მოკლედ, როდესაც მართლა ხალხი ცოტა იყო ტელევიზიასთან, ქალბატონმა ნონომ… ჩვენ, მე ვიყავი, რამოდენიმე იყო, სულ მორიგეობა გვქონდა… იყო ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ გავემართებით იქით, მე მქონდა წინადადება, თუ ხალხი ბევრი არ იქნება, ამ შემთხვევაში ბოდიში მოვუხადოთ ხალხს და ვუთხრათ, რომ რა ვქნათ, არ არის რაოდენობა ის, რომ ახლა გთხოვოთ აქ დარჩეთ და მოგვიტევეთ, წავიდეთ სახლებში. პირველი რადიკალი, თუ ამ შემთხვევაში სიტყვა “რადიკალს” ვიხმართ, ვიყავი მე. დამიდასტურონ, აგერ ზიან. მე ვთქვი ასეთი რაღაცა: იმ შემთხვევაში, თუ მოვუწოდებთ ხალხს, სახლებში წავიდეთო, მე “სახალხო კრებიდან” მივდივარ-მეთქი. ამიტომ ჩემ თავზე ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ, თუ პასუხისმგებლობაა, მაგრამ სამაგიეროდ 26 მაისის შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, თქვენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა შემოხვედით ამ ასპარეზზე იმიტომ, რომ…

რეზო ესაძე – მე თანხმობაში ვარ ქალბატონ ნონასთან.

ბიძინა ივანიშვილი – ბატონო რეზო, აბსოლუტურად გეთანხმებით, თქვენი ქმედება და ქალბატონი ნინოს ქმედება მაშინ დავაშოროთ ერთმანეთს.

ნონა გაფრინდაშვილი – ჩვენი იდეა იყო დემოკრატიული არჩევნების მიღწევა ამ გზით, ხელისუფლებაში მოსვლას არავინ არ აპირებდა.

ბიძინა ივანიშვილი – დემოკრატიულ არჩევნებამდე დიდი დრო იყო, ქალბატონო ნონა.

ნონა გაფრინდაშვილი – დემოკრატიული არჩევნები რომ არ იქნებოდა, ჩვენც ვიცოდით. დღეს ახლა თქვენ ძალიან მაღალი რეიტინგი გაქვთ საზოგადოებაში, ამიტომ გახდა შესაძლებელი… ჩვენი ყველა დეკლარაცია და ყველა მხოლოდ ამის ირგვლივ ტრიალებდა. ჩვენ ხელისუფლებაში, როგორც ვარდების რევოლუცია მოხდა, ასე არ ვაპირებდით. ჩვენ ხელისუფლებისთვის ნათქვამი გვქონდა, რომ ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები აბსოლუტური გაყალბებით და დამთავრდება ამით ყველაფერი, მართლაც დამთავრდა და ჩაქრა ყველაფერი. ჩვენ პუნქტებად გვქონდა ჩამოწერილი, რა არ უნდა მოხდეს იმისათვის, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ძალოვანი სტრუქტურების ჩართვა, აბსოლუტურად პრივატიზება ყველაფრისა… ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ, მეტი არაფერი არ იყო?

ბიძინა ივანიშვილი – მე დაახლოებით ვიცი ყველაფერი, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, არც ერთ ქართველს თქვენი პოზიციის მიმართ პრეტენზია არ შეიძლება გააჩნდეს და ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი გულწრფელი პოზიციისთვის ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ძალიან ბევრი თქვენთაგანი სასტიკად დასაჯა.

რეზო ესაძე – უშესანიშნავეს ადამიანად მიმაჩნია ქალბატონი ნინო. თანაც გულახდილად გეუბნებით, სანამ მე მასთან ახლოს დავჯდებოდი მაგიდასთან, თითქმის თქვენი პოზიცია მეჭირა, მეც ეჭვი მქონდა მის მიმართ, როგორც უკვე იმ სივრციდან გამოსული, გარკვეული წარსულის მქონე და ასე შემდეგ… კონკრეტული რაღაც-რაღაცებით, მაგრამ როდესაც მასთან ერთად აღმოვჩნდი სივრცეში, მაპატიეთ…

ბიძინა ივანიშვილი – როგორ გეკადრებათ, ბატონო რეზო.

რეზო ესაძე – ჰო, როცა მასთან ერთად აღმოვჩნდი, ეს ისეთი სუფთა გარემოა… ეხლა, მე პოლიტიკოსი არა ვარ, მე გახლავართ რეჟისორი, მე ჩემი საზომებით ვუყურებ ხოლმე ადამიანს. ბოლოს და ბოლოს, რეჟისურასთან მოდის ყველაფერი, რასაც თქვენ ბრძანებთ, ყველაფერი რეჟისურასთან არის.

ბიძინა ივანიშვილი – კი, ბატონო.

რეზო ესაძე – ქვეყნის გამგებელი თუ რეჟისორი არაა, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი, შემიძლია, პირჯვრისწერით გითხრათ, ეს არის უშესანიშნავესი პიროვნება.

ბიძინა ივანიშვილი – კი, ბატონო.

რეზო ესაძე – და ღმერთმა ნუ მომასწროს მე ის ამბავი… აი, გამოვიტირებ, თუ აღმოჩნდა, რომ ჩემი სიტყვები არ გამართლდა.

ბიძინა ივანიშვილი – აბსოლუტურად, მე არავითარი პრეტენზია არა მაქვს, ბატონო რეზო.

რეზო ესაძე – რაც შეეხება იმას, რაც ჩემმა საყვარელმა ადამიანმა წარმოთქვა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრაგედია, რომელიც… ნუ, რა არი ეხლა, ეს არი გენიალური ერი, გენიალური ქვეყანაა ესა, რაც არ უნდა მოხდეს, როგორი მხრიდანაც არ უნდა წარმოჩინდეს ის, ფუძეში… მე შემიძლია, დღეები დავემხო და ვილოცო მასზე, ეს გენიალური ერია. ამას ლაპარაკი არ უნდა… ყველაფერი ის, რაც ერთობისკენ მიდის და საერთო საფიცარის გამომჟღავნებისკენ მიდის, ამას არაფერი არ უშველის, გარდა ერთობისა.

ლუკა კურტანიძე – ჩვენ გვინდა, რომ როგორც პოლიტიკოსი, როგორც “სახალხო კრების” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჩვენ დაწყებული გვაქვს ბრძოლა და ამ სიცოცხლის ფასად თქვენს გვერდით თანამებრძოლებად გვინდა, რათა ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა, თუნდაც იყოს დახურულ კარს მიღმა საუბარი იმ ადამიანთან, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ჰქვია. უბრალოდ შეხვედრას, მე მგონი, არაფერი წინ არ უდგას, რომ საერთო საქმისთვის გარკვეულები ვიყოთ და ის ადამიანები, ვინც “სახალხო კრების” წევრები არიან, მოუთმენლად ელოდებიან, იმ ხელმოწერებსაც ისინი აგროვებდნენ… ბატონი ვაზაგაშვილი რომ აკეთებდა, თითოეული ადამიანი…

ბიძინა ივანიშვილი _ არაფერი პრობლემა არაა, ადამიანური ურთიერთობები ყველა ქართველთან შესაძლებელია… ერთ რამეში შევჯერდეთ, მე არ მაქვს პრობლემა ქალბატონ ნინოსთან შეხვედრის, არავითარი პრობლემა არ არსებობს, გინდათ, ათჯერ შევხვდები, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის ხომ არ უნდა იყოს, ამ შეხვედრას ხომ უნდა ჰქონდეს აზრი და გაგრძელება?

ლუკა კურტანიძე – ამ შეხვედრას აზრი ის აქვს, რომ ათასობით ადამიანი, რომელიც “სახალხო კრებასთან” ერთად დაწყებული ჰქონდა ბრძოლა, იმათ უნდათ გარკვევა, რომ აი, რაღაცა იმ ადამიანებმა კი არ უნდა მიატოვონ “სახალხო კრება” და თქვან, რომ თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ და მე ახლა დავუმტკიცებ… მე ვამბობ, რომ ბატონი ბიძინა არ არის ის ადამიანი, თავის გუნდს ვინც მიატოვებს, აქ მოვა და მტკიცებას დაუწყებს.

ბიძინა ივანიშვილი – არა, ჩვენ ამ მიმდევრობით თუ წავალთ, ვერ გავაკეთებთ ვერაფერს.

სოსო ჯაჭვლიანი – ბატონო ბიძინა, ალბათ ბოდიშის მოხდა ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა და მე არ შემრცხვება არასოდეს, რომ როცა ადამიანი რაღაცაში დამარწმუნებს, მე ბოდიშს მოვიხდი.

ბიძინა ივანიშვილი – არც მე შემრცხვება და არც მეშინია. ყველას ეშლება, ვინც საქმეს აკეთებს, არ არსებობს… ღალატი არ უნდა ჩაიდინო, შეგნებული ღალატი არ უნდა ჩაიდინო, შეცდომისგან დაზღვეული ვინაა?

სოსო ჯაჭვლიანი – როცა დარწმუნდები და მიხვდები, მართლა სულელი უნდა იყო, რომ ბოდიში არ მოიხადო და მე ამით ყოველთვის ვამაყობ, თუ შემეშალა, უამრავჯერ ვიხდი ბოდიშს. შეუცდომელი მარტო უფალია. ბატონმა რეზომ და ქალბატონმა ნონამ უკვე ილაპარაკეს, რაზეც მე უნდა მელაპარაკა, ოღონდ… ერთი რაღაცის თქმა მინდა: მე ხომ შემიძლია, ჩემი აზრი მქონდეს?

ბიძინა ივანიშვილი – რა თქმა უნდა.

სოსო ჯაჭვლიანი – მე ახლა ნინოს ადვოკატობას არ დავიწყებ, მაგრამ იმ აზრს ვემხრობი, რაც ბატონმა რეზომ თქვა.

ბიძინა ივანიშვილი – პატივსაცემია თქვენი აზრი, მე ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ გულწრფელი ხართ.

სოსო ჯაჭვლიანი – მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის, მაგრამ მე მინდოდა მეთქვა… აი, რაღაცა ფორმა ხომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, როცა არის “სახალხო კრება”, ჩვენ ხომ პარტია არ ვართ? მართლა გულწრფელად გეუბნებით, არც დეპუტატობა გვინდა, აბსოლუტურად არაფერი არ გვინდა…

ბიძინა ივანიშვილი – რომ დასჭირდეს ქვეყანას?

სოსო ჯაჭვლიანი – ჩვენ გვინდა, ისეთი ქვეყანა მივიღოთ, სადაც თითოეული ჩვენთაგანი გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ ვიქნებით მაშინ ძალიან ამაყად და აი, ესაა ჩვენი ყველაზე დიდი პრეტენზია, რისთვისაც თითოეული ჩვენთაგანი აქ ვართ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ… აი, ახლა აქ მე რომ მოვედი, დიდი მადლობა, დაგვითმეთ დრო…

ბიძინა ივანიშვილი – პირიქით, დიდი მადლობა, რომ მოხვედით.

სოსო ჯაჭვლიანი – ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და რა ფორმით ვუშველოთ ამ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე ის არ მომწონდეს, ეს არ მომწონდეს და ერთს დავამატებ: რაც შეეხება ამ რეიტინგებს, მე ხალხში… არ შემიძლია, რომ გულწრფელი არ ვიყო, აქედან რომ გავალ და მერე ლუკას ვუთხრა, მე თვითონ შემრცხვება ჩემი თავის… ხალხში ცოტა სხვანაირი ლაპარაკია რეიტინგებთან დაკავშირებით, შეხვედრებთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს ჰგონია, რომ თავისებურად მართალია. ეს მინდოდა მეთქვა და ძალიან კარგი იქნება, რომ მე ჩემში, რაც ბრძანეთ, ამაში დავრწმუნდე.

ნონა გაფრინდაშვილი – ამ კუთხით ერთს მეც ვიტყვი, უხერხული თუ არ გამოვა. საქმე იმაშია, რომ მე ბატონ რეზოს ვეთანხმები და ჩვენ ერთიანი ვართ.

ბიძინა ივანიშვილი – კარგი ხალხი ხართ ძალიან, პატივსაცემი.

ნონა გაფრინდაშვილი – ამ შემთხვევაში ჩვენზე ვერაფერი ვერ იმოქმედებს, რომ ჩვენ შორის რაღაც მოხდეს. სოსო რეიტინგებზე რომ ამბობდა, საქმე იმაშია, რომ ფაქტობრივად ბურჯანაძეს თავისი პარტიული საქმიანობა შეჩერებული აქვს, მისი მთელი ძალები ათქვეფილია “სახალხო კრებაში”. მაგალითად, მე პრინციპში, პირადად, ხმამაღლა მინდა ახლა ვთქვა: ის სტრუქტურები, რა სტრუქტურებიც შეიქმნა, მოხდა ქალბატონი ნინოს პარტიის ეგიდით.

ბიძინა ივანიშვილი – თემურ შაშიაშვილზეც შეგიძლიათ თქვათ ორიოდე სიტყვით? ისიც მიგაჩნიათ, რომ გუწრფელია?

ნონა გაფრინდაშვილი – ყოველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში კი… დარწმუნებული ვარ, არ დაიხევს არაფერზე უკან. ნინოს თავისი პარტიული საქმიანობა შეჩერებული აქვს, მან ერთი ინტერვიუ მისცა, რომელიც ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა, სადაც წერს: მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, ამბიცია, რომ იყოს კოალიციაში. ის მზად არის, თავისი პარტიული საქმიანობა განზე გასწიოს და `სახალხო კრებასთან~… ათასნაირი ფორმები არსებობს, ხომ? ჩვენ ძალიან სერიოზული ძალები გაგვაჩნია რეგიონებში.

ლუკა კურტანიძე – ბატონო ბიძინა, “სახალხო კრების” და ჩვენი ლიდერი არის ქალბატონი ნინო.

 

როგორც ხედავთ, “სახალხო კრების” წამყვანი ფიგურები, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს 26 მაისის, ასე ვთქვათ, შტურმი, ბიძინა ივანიშვილს ეხვეწებიან, რომ შეხვდეს ნინო ბურჯანაძეს, დაელაპარაკოს და გვერდით დაიყენოს თუნდაც კოალიციაში შეუსვლელად. ბატონი ბიძინა უარზეა, თუ გნებავთ, ათჯერ შევხვდები, მაგრამ რა აზრი აქვსო? მას იმდენად მყარად აქვს გამჯდარი ძვალსა და რბილში გამჯდარი ეჭვები, იმდენადაა დარწმუნებული ბურჯანაძე-სააკაშვილის გარიგებაში, რომ ვერც ერთმა ვერ გადაარწმუნა. ივანიშვილს სურს “სახალხო კრების” ლიდერების წაყვანა კოალიციაში ბურჯანაძის გარეშე… მორჩა, ეს გადაწყვეტილია. თუმცა პირველ ეტაპზე 26 მაისის გმირები ჟინიანობენ, უარს ამბობენ, ქალბატონი ნინოს მიტოვება მათთვის არის დიდი შეურაცხყოფა. ვხვდები სოსო ჯაჭვლიანს, ჩვენ ვმეგობრობთ, როცა ის სააკაშვილმა ერთი თვით “კაპეზეში” გამოამწყვდია, როცა შიმშილობა გამოაცხადა და დაუძლურებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, პირადად მე და “ალიას” მთელი კოლექტივი, გაზეთის დამფუძნებელი – გიორგი ბრეგვაძე, მხარს ვუჭერდით, პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით გამოგვქონდა მოთხოვნა, მოწოდება: “თავისუფლება სოსო ჯაჭვლიანს”!
მახსოვს, მის ადვოკატს ხელზე გადამღები საათიც კი შევაბით და ისე შევუშვით პალატაში. მაშინ ამის გაკეთება არც თუ იოლი იყო, რედაქციასთან ყოველთვის იდგა, მინიმუმ, ორი დაბურულმინებიანი მანქანა, ტიპები ისხდნენ, ვითომ გაზეთს კითხულობდნენ, არ გვეკონტაქტებოდნენ, მაგრამ გვაგრძნობინებდნენ, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. რასაკვირველია, ეს გახლდათ ფსიქოლოგიური ზეწოლა. როგორც უკვე გითხარით, ვხვდები სოსო ჯაჭვლიანს და ჩვენს შორის ასეთი დიალოგი იმართება:

– ივანიშვილი შეცდომაში შეჰყავთ. მაგასთან არიან ადამიანები, რომლებიც ნინო ბურჯანაძის ხსენებაზე კომაში ვარდებიან. ესე იგი, რა გამოდის, ჩვენ კარგები ვართ, ბურჯანაძე არ ვარგა, ხომ? მაშინ, მოდით, ასე გავაკეთოთ, თუ ჩვენ კარგები ვართ და ვიცით, როგორ გაწირეს თავი ბურჯანაძემ, თემურ შაშიაშვილმა და სხვებმა… რა ვქნათ ახლა, ავდგეთ და წავიდეთ “ქართულ ოცნებაში”? არა, ეს არც ჩემს ჯიშსა და ჯილაგში არ არის, არც ლუკა კურტანიძის ჯიშსა და ჯილაგში არ არის… არ მინდა ყველას ჩამოთვლა. ზოგს შეიძლება ჰგონია, ჩვენ უცებ მოვიხიბლეთ, თურმე გმირები ვყოფილვართ, მაგრამ ლიდერი გვყოლია ცუდი. არა, ჩემო ძმაო, თუ ბიძინასთან წავალთ, ასეთი ადამიანები არც მას უნდა მოეწონოს, ასეთ ადამიანებს მე ვეძახი მოღალატეებს! ივანიშვილმა ძალიან კარგი რაღაცა შემოგვთავაზა: თავის ხედვას, კვლევებს, კონცეფციებს გამოგვიგზავნის, ამ ყველაფერს გავეცნობით და რამდენიმე დღის მერე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენ არც პარტიული სიები გვინდა, არც თანამდებობები გვინდა… ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ რიგითი ჯარისკაცები, რათა ეს რეჟიმი როგორმე გავისტუმროთ. ამას იძახის ნინო ბურჯანაძეც, ამას იძახის შაშიაშვილიც, ამას იძახის ყველა. თუ თვითონ გვეტყვის, რომ ეს არ აწყობს, მაშინ ჩვენ გვექნება სხვა საუბარი. ახლა ყველანაირი სიმპატია-ანტიპატია უნდა გადავდოთ გვერდით და შევქმნათ ერთიანი ფრონტი. შენ არა გაქვს უფლება, ახლა გაჩერდი, ან პენსიაზე წადიო, ეს არასწორია. ამას ბატონი ბიძინაც ძალიან კარგად ხვდება.
– შენ მეუბნები, რომ ივანიშვილი გამოგიგზავნით თავის კონცეფციებს, ამას გაეცნობით და მერე რა, თქვენ აპირებთ თანამშრომლობას “ქართულ ოცნებასთან” ნინო ბურჯანაძის გარეშე?
– ჩვენ ვარ ერთი გუნდი.
– ხართ, კი ბატონო, მაგრამ…
– მე გითხარი, ვართ ერთი გუნდი და მოღალატეებს ვერ ვიტან! მე როგორც ჩემ თავში ვარ დარწმუნებული, ისე ვარ ბურჯანაძის თავდადებაში დარწმუნებული, ასევე შაშიაშვილის თავდადებაში… ახლა რა ვქნა მე, ასეთი აზრი მაქვს! ყველაზე დიდი მილიარდები ჩემთვის არის სიმართლე… შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია. მე რომ ავდგე ახლა და წავიდე `ქართულ ოცნებაში~, არ გაგიჩნდება კითხვა, რატომ მიატოვე თანამებრძოლებიო? ვინც ასე გააკეთებს, ყველა იქნება მოღალატე! ასეთი ადამიანი არც ბიძინას გამოადგება, არც საქართველოს და არც არავის!
– როდესაც ივანიშვილმა ბურჯანაძეზე ასე დაიწყო ლაპარაკი, თქვენ რა რეაქცია გქონდათ?
– ლუკა კურტანიძემ ძალიან კარგი პასუხი გასცა, ნონა გაფრინდაშვილმაც, რეზო ესაძემაც. რაც მე ვუთხარი, იმასაც გეტყვი: ბატონო ბიძინა, ხალხში ამაზე ცოტა სხვანაირი აზრი არსებობს-მეთქი! მე გელაპარაკები, სოსო ჯაჭვლიანი და ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას: მოღალატეებს ვერ ვიტან. ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს, მაგრამ ღალატს ვერ ვაპატიებ!
– ვიმეორებ: თქვენ აპირებთ თანამშრომლობას ივანიშვილთან ბურჯანაძის გარეშე? იმას უთქვამს, კონცეფციებს და გეგმებს გამოგიგზავნით, მერე კიდევ ვილაპარაკოთო. გაიგე, ნინო ბურჯანაძის გაგონება არ უნდა მაგ ადამიანს.
– ნინო ბურჯანაძის გარეშე ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, უნდა გავერთიანდეთ სხვა გუნდებთან და მოვიგოთ დიდი ბრძოლა.
– ბიჭო, არ უნდა ამ კაცს ბურჯანაძე, არ უნდა მასთან თანამშრომლობა.
– მაშინ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობა თუ იქნება, ეს ღალატი გამოვა!
– აი, ეს მინდოდა, რომ გეთქვა.
– არავინ არ წავა ჩვენგან მაგაზე, სახეს ჩვენ არ წავიშლით. არავინ არ იფიქროს, რომ სადღაც წასვლა იქნება, მე ასეთ სიტუაციაში საკუთარ შვილსაც არ დავინდობ. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ ვიღაც ისინი ვართ! როცა ბურჯანაძეს აგინებენ, ეს იგივე ჩემი გინებაა. თუ ლაპარაკია იმაზე, ვინ არ ვარგა და რაღაცა, გადავხედოთ ჯერ იქით, მერე აქეთ.
– კი, ბატონო, გადავხედოთ.
– ჰოდა, აღარ მინდა ვიღაც-ვიღაცების გაღიზიანება. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და ეს უნდა წარიმართოს ერთ ფორმატში – მხოლოდ ერთობა!
– არის ერთობის შანსი?
– ბიჭო, მოდიხარ და მეუბნები: სოსო, შენ მომწონხარ, მაგრამ ის არ მომწონს. მე გპასუხობ – კარგი, არ მოგწონს, მაგრამ მე არაფერი არ მინდა შენგან, გვაომე, რააა! შენ რა მიზეზს მეუბნები, ვერ გაომებო? თუ შენ არ მაომებ ბურჯანაძესთან ერთად, მაშინ მე არც ადამიანურად, არც მორალურად, არც ფიზიკურად არ გამოვდგები, ასე მთელ ძალებს მაცლი, მფიტავ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მორალს. თუ ბრძოლაში არ იქნება მორალი, მაშინ არაფერი არ გამოვა, მე ამორალური ვერ ვიქნები!
– როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ლაპარაკი წამოიწყო, ცოტა არ გეუცნაურათ?
_ ბატონი ბიძინა ისეთი ტონით ლაპარაკობდა, არ გავღიზიანებულვართ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო მისი აზრი, სხვის ნათქვამს გვეუბნებოდა.
– ახლა არ მითხრა, სრული ინფორმაცია არ აქვსო.
_ ეს იყო როგორი რაღაცა, იცი? რამეს რომ ამოიჩემებ და აღარ გინდა დათმობა… მისი ლაპარაკი ლოგიკაში არ ჯდებოდა, რააა. “სახალხო კრება” – მინუს ნინო ბურჯანაძე, ასე არ გამოვა, მე შეურაცხყოფილი დავრჩები, ასეთ ნაბიჯს ვერ გადავდგამ.
– თქვენ იქ დაგახვედრეს “ქართული აკადემიის” წევრები, რატომ?
– ჩვენ გვეგონა, მარტონი ვიქნებოდით, მაგრამ იქ დაგვხვდნენ… ნუკრი ქანთარია, თემურ ნანეიშვილი, ჯანდიერი იყო… არა, პრობლემა არ ყოფილა, საიდუმლო სერობა ჩვენ არ გვქონია. ბოლოს ასეთი საუბარი წავიდა, თუ “სახალხო კრების” ხალხი დაგვჭირდით, ხომ მოგვეხმარებითო? დავეხმარებით, როცა ბოლომდე გაირკვევა ყველაფერი.
– თქვენ სცადეთ, რომ ნინო ბურჯანაძე დაგეცვათ?
– კი!
– იქით შეეკამათეთ?
– კი… “ქართული აკადემიის” წევრები რამოდენიმეჯერ შეიშმუშნენ, ჩვენ ასე რომ ვიქცეოდით. მათთვის შეიძლება ცოტა მოუღებელი იყო.
– ივანიშვილი დაარწმუნეთ რამეში?
– მეტი როგორღა უნდა დავარწმუნოთ, თანხმობას ხომ არ მივცემ არაკაცობაზე? თვითონ ივანიშვილმა ასეთი რაღაცა თქვა: ჩვენ ვისაუბროთო, ჩვენ შევჯერდეთო, მერე მე თუ რაღაცაში დავრწმუნდი, თუ დამარწმუნეთ, ჩემი თავის მტერი უნდა ვიყო, რომ ერთიანი ძალით არ შევუბეროთო. მე მგონი, რაღაც პოზიტივი იყო, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს, არაფერი არ გამოვა. გამოჩენის დღიდან ჩვენ მხარს გიჭერთ, ძმაო, თქვენი მხრიდან სულ გინება რატომ მოდის? ჩვენ მაინც ვიძახით: თქვენი ჭირიმეთ, თქვენ გენაცვალეთ… ბოლო-ბოლო, რა უნდათ, კაცო, ხომ უნდა გვითხრან?
– ამ გინებაზეც უთხარით?
– აბა, რა, ხომ უნდა გავარკვიოთ ბოლომდე საკითხი? აბა, რა უნდა გვეთქვა მეტი?!
– პასუხი მიიღეთ?
– რა პასუხი? ჩვენ გმირები ვართ, ბურჯანაძე არ ვარგა. ეგ არის პასუხი. ვიმეორებ: არაკაცობაზე ჩვენ ხელს არ მოვაწერთ!

 

გადის ცოტა დრო, სულ რაღაც ერთი-ორი თვე და სიტუაცია ისე მიდის, როგორც ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული – სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე “ქართულ ოცნებაში” მიდიან. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც იმ პერიოდში “პარადი” მიჰყავთ “ოცნებაში” და ივანიშვილის კარზე? ვინ ჩამოიშორა უამრავი ნიჭიერი პიროვნება გზიდან და რა მცდარი ამბები მიჰქონდათ მთავარ ლიდერთან? მომდევნო თავში სწორედ ამ სქემას გავშიფრავ.

მეოთხე თავის დასასრული

Inline
Inline