თემო გვალია: ეს ლექსი 2008 წელს დავწერე, რუსთავის მე-6 საპყრობილეში

Views: 2246
Avantgardia

ეს ლექსი 2008 წელს დავწერე, რუსთავის მე-6 საპყრობილეში (კრიტში).
იყო ხოლმე მომენტები, როდესაც საკანში სიჩუმე ჩამოვარდებოდა თავისით. ზოგი წამოწვებოდა “შკონკაზე”, ზოგი გისოსებთან იდგა და იყურებოდა გაუგებარ სივრცეში, ზოგიც მაგიდას მიუჯდებოდა და ა.შ. ეწეოდნენ სიგარეტს და იძირებოდნენ მოგონებებში.
ზუსტად ასეთ დროს ავიღე ფრთხილად საწერი “პასტა” და არავინ რომ არ შემეწუხებინა, ფრთხილად დავიწყე ლექსის წერა.
(ლექსზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ამ ლექსს ვუძღვნი ყველა პატიმარს, ვინც დღესაც გისოსებს მიღმაა. რა თქმა უნდა, წესიერ ხალხზე ვსაუბრობ და არა დედააფეთქებულებზე):

იალღუჯის ხრიოკ მინდორზე,
დგას თეთრი სახლი წრიულად,
და საპყრობილე მეექვსე,
ივსება ყოველდღიურად.

ყველას თავთავის საკანი,
ყველას თავთავის ბრალდება,
ზოგს ეწეწება ცხოვრება,
ზოგის კი, იქვე გვარდება.

იძულებითი მდგმურები,
სხვადასხვა მუხლ-მისჯილები,
იქ მარტო სიმართლე იგებს,
ყოველთვის აგებს ტყვილები.

ჩაფიქრებული თვალები,
მოგზაურობენ წარსულში,
არავის აინტერესებს,
რა ვერ ისვენებს მათ სულში.

ზოგს სახლი მოენატრება,
ზოგს ენატრება შვილები,
ზოგს ახსენდება თბილისის,
ქალები, თმაგაშლილები.

ერთ-ერთ საკანში სევდაა,
ერთ-ერთ საკანში ღიმილი,
ზოგიერთს ნერვმა უმტყუნა,
და ისმის მწარე კივილი.

ვიღაცას დედა უკვდება,
ვიღაცის გოგო გათხოვდა,
ვიღაცის ოჯახს უჭირდა,
ის კი არავის არ სთხოვდა.

არავის აინტერესებს,
რა ვერ ისვენებს მათ სულში,
ჩაფიქრებული თვალები,
მოგზაურობენ წარსულში.

Inline
Inline