სოსო ცინცაძე: ჩვენ მცდარი „ვიზავის“ ხაფანგში გავებით!

Views: 2437
Avantgardia

დიპლომატიის გაკვეთილები

 

ჯერ ცოტა ისტორია: სამოქალაქო ომიდან მოყოლებული, ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღია რიჩარდ ნიქსონისნაირი მემკვიდრეობა – თორმეტი ათას კილომეტრს მიღმა, კომუნისტურ ხაფანგში გამომწყვდეული ექვსას ათასიანი, პარტიზანულ ომს მიუჩვეველი, სრული დემორალიზაციის საფრთხის პირისპირ აღმოჩენილი არმია და „პატრიოტებად“ და პაციფისტებად გახლეჩილი ქვეყანა. სიტუაციას დრამატიზმს მატებდა ის ფაქტიც, რომ ამერიკის მთელი ინტელექტუალური და პრაქტიკულად პოლიტიკური ელიტა ერთხმად მოითხოვდა ჯარების უპირობო ევაკუაციას სამხრეთ ვიეტნამიდან, რაც მიუღებელი იყო როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური შედეგების გათვალისწინებით.

ვიეტნამიდან წამოსვლის გარდუვალობა კარგად ესმოდა საგარეო პოლიტიკის დიდოსტატ პრეზიდენტსა და მის მთავარ მრჩეველ, დიპლომატიის ჯადოქარ ჰენრი კისინჯერს. მათ სწორი სტრატეგიისა და კომბინირებული ტაქტიკით სურდათ უპერსპექტივო ომის დასრულებაც და მსოფლიოს ლიდერი ზესახელმწიფოს ღირსების შენარჩუნებაც. შეძლეს კიდეც – ორ წელიწადში ხუთასი ათასი ამერიკელი ჯარისკაციც დააბრუნეს სახლში და ხო შიმინიც აიძულეს, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო პარიზში, ადრე რისი გაგონებაც არ სურდა ჰანოის.

და აი, ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც კისინჯერის დიპლომატიურ ოსტატობას უნდა ეთქვა გადამწყვეტი სიტყვა, მძლავრ მოკავშირედ მოევლინა ვიეტნამელ კომუნისტებს ამერიკელ მოყვარულ-დიპლომატთა არმია; ჟურნალისტებით დაწყებული და ათასი ნაირსახეობის „სამშვიდობო საინიციატივო“ აქტივისტებით დამთავრებული, ყველამ უცებ გაიკვლია გზა პარიზისა და ვიეტნამისაკენ. მათზე არც კისინჯერის ავტორიტეტი მოქმედებდა და არც პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებები. უცებ გაერთიანდნენ თეთრი სახლის წინააღმდეგ ამერიკელი „მშვიდობის მტრედები“ და „ვიეტნამელი ხალხის თავისუფლებისათვის მებრძოლი“ ჰანოელი კომუნისტები. რა გასაკვირი იყო, რომ ორ ფრონტზე მებრძოლ ნიქსონის ადმინისტრაციის მთავარ ამოცანად მოლაპარაკებების სწრაფი დამთავრება იქცა და თუ არა კისინჯერის დიპლომატიური გენია, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმ ზიანის მასშტაბებზე, ვაშინგტონელი ენთუზიასტების თვითშემოქმედებას რომ შეიძლება მოჰყოლოდა.

ახლა კი ჩვენს გაკვეთილზე: სარისკო ჟანრი კია ისტორიული პარალელები, მაგრამ საერთო მახასიათებელი მუდამ მოიძებნება. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნის ამერიკის პროფესიულ თუ დილეტანტურ დიპლომატიას დღევანდელი საქართველოს ანალოგებთან? თითქოს არაფერი, ან ძალზედ რთულად მისაგნები, გარდა დილეტანტიზმის უნივერსალური საფრთხისა. კონკრეტულად კი „დიპლომატიური“ დილეტანტიზმის საფრთხისა.

ის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა ნებისმიერი განზომილებით არანორმალურია და გადაუდებლად საჭიროებს ამა თუ იმ ფორმატში დარეგულირებას, დიდი ხანია რაც აქსიომურ ჭეშმარიტებათაა ქცეული. წარმოუდგენელია, რომ სამ მილიონიანი ღარიბი და რეალური სამხედრო მოკავშირის (იურიდიულ-სამართლებრივი და არა ხმამაღალი, არაფრის მავალდებელი განცხადებების თვალსაზრისით) გარეშე დარჩენილი ქვეყანა ასორმოც მილიონიანი ბირთვული, გენეტიკურად აგრესიული მეზობლისაგან პერმანენტულად მოსალიდნელი საფრთხის პირობებში აპირებდეს ცხოვრებას.

ისიც ცხადია, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა გათვითცნობიერებული სიტუაციის არანორმალურობა და ტარიფების განახევრებასა და სხვა ამქვეყნიურ-იმქვეყნიურ სიკეთეებთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასაც მტკიცედ პირდებოდა ამომრჩევლებს. დაპირება ალბათ გულწრფელი იყო, ხოლო შესრულების მცდელობა არაპროფესიონალურად მცდარი. შედეგად კი ხალხმაცა და ხელისუფლებამაც, ნაცვლად დიპლომატიური პროცესისა, უდღეური, აკვნიდანვე განწირული, მსოფლიო დიპლომატიისათვის უცხო „ნოუ-ჰაუ“ მიიღო, რაც ცხონებული ხრუშჩოვისა არ იყოს, „ძველ კალოშად“ გვექცა – არც სახმარად ვარგა და არც გადასაგდებად გვემეტება. დასანანია, რომ ამ „დიპლომატიურ“ კურიოზს სამუდამოდ დაუკავშირა თავისი სახელი პროფესიონალმა დიპლომატმა და ჩემმა ახალგაზრდობის მეგომარმა ზურა აბაშიძემ.

გარკვეულწილად, სწორედ „აბაშიძე-კარასინის“ გემაფროდიტმა ანტიდიპლომატიურმა ფორმატმა აღუძრა შემოქმედებითი მადა ქართველ შინნაჩეკ რიშელიე-ტალეირანებს. მეორეს მხრივ, თუ ჩვენს თვალწინ უარესდება ავადმყოფის მდგომარეობა, ეს საიმისო არგუმენტად არ გამოდგება, რომ სანტექნიკოსი მივუშვათ მის სასთუმალთან. ისე კი, არაპროფესიონალიზმითა და კეთილმოსურნე დილეტანტიზმით კარგა ხანია, რაც ვეღარავის ვერ გააკვირვებ საქართველოში, მაგრამ არც ერთ სფეროში გაბატონებულ არაპროფესიონალიზმს არ შეუძლია ისეთ დამღუპველ შედეგამდე მიიყვანოს მთელი ქვეყანა, როგორც დიპლომატიაში დაშვებულმა ერთმა სერიოზულმა შეცდომამ.

პირადათ მე, მუდამ მწამდა და დღესაც მჯერა, რომ რომ რუსეთთან აუცილებელია დიალოგის დაწყება, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები უკვე იმ ზღვარზეა, რომ ე.წ. „სახალხო დიპლომატია“ (რომლისაც მე არასოდეს მჯეროდა) და ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ პარტიული აქტიურობის დრო გასულია. ელემენტარული უნივერსალური ჭეშმარიტებაა – გადაწყვეტილების მიმღები რუსეთი არანაირ სერიოზულ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მათთან, ვინც თავის ქვეყანაში სერიოზულ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს. რასაკვირველია, იქნება შეხვედრები, საუბრები, ნოსტალგიური სენტიმენტები, მაგრამ მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზნით – საკუთარ „მეხუთე კოლონად“ აქციოს რეალობით შეწუხებული გულწრფელი დილეტანტები.

პროფესიონალისათვის წამოუდგენელი უხეში დიპლომატიური შეცდომაა, როდესაც სუვერენული ქვეყნის წარმომადგენელი მოლაპარაკებებს იწყებ მცდარ მისამართზე – როდის აქეთ შევიდა იგივე „სნგ“-ს კომიტეტის კომპეტენციაში უცხო ქვეყნებთან კონტაქტები? ამით ხომ შეიძლება იმ პოლიტიკურ სივრცეში შესვლის შთაბეჭდილება შეიქმნას, საიდანაც კარგა ხანია გამოვედით და უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებთ? მცდარი „ვიზავის“ ხაფანგში გავებით, როდესაც რუსი თანამდებობით დიპლომატის მომლაპარაკებელ-პარტნიორად პროფესიონალ-დიპლომატ ზურა აბაშუძეს ჯერ მაქსიმალურად შეაჭრეს ფრთები და შემდეგ, იმდროინდელ ნომერ პირველ დიპლომატ ფანჯიკიძეს რომ არ ეეჭვიანა, პროსკურეს სარეცელზე მიაბეს სამოქმედოდ. გინდაც დიდი სურვილი ჰქონდეს, რა შეუძლია „სნგ“-ს კომიტეტს? რუსულ დუმაში მხოლოდ საგარეო საქმეთა კომიტეტშია უცხო სუვერენული სახელმწიფოს ნებისმიერი ოფიციალური თუ არაოფიციალური დელეგაციის ადგილი. ამიტომაც არ გამკვირვებია გარუსებულ ყალმიკ კომიტეტის კომუნისტ თავმჯდომარის ყოველგვარ დიპლომატიურ თავაზიანობასა და ეთიკეტს გადასული განცხადება: „როცა მინდა მაშინ ჩავალ დამოუკიდებელ აფხაზეთსა და ოსეთშიო“.

და ბოლოს; რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ზიანის მომტანი დილეტანტური, როდესაც მხოლოდ რუსული მხარის პრეტენზიების მოსასმენად ხარ მზად, არამედ სრულ ფორმატიანი, ნორმალური დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს დონეზე, სადაც რეალური შეთანხმებები და გადაწყვეტილებებია შესაძლებელი მათი იმპლემენტაციის რეალური გარანტიით. სხვა ყველაფერი, უკეთეს შემთხვევაში, სარეიტინგო სვლებია, უარესში კი საშიში და ყალბი გზავნილები.

 

Inline
Inline