შემდეგი სამშობლო – ლიტვა!

Views: 2222
Avantgardia

 

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დონის მაწანწალა, ჩვენი ნამაღლარი საქართველოდან „მოტყდა“ და უკრაინიდან უცერემონიოდ მიაბუნძულეს, ლიტვას უმიზნებს. ის უკვე მოქალაქეობის მიღების მოლოდინშია და გეგმებსაც აწყობს:

ბავშობიდან მიზიდავდა ეს პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანალიტვა. აქ ცხოვრობს თავისუფლების მოყვარე ხალხი.
რა გასაკვირია, რომ სწორედ მას მიუძღვის უდიდესი როლი საბჭოთა კავშირის ნგრევაში; სწორედ ლიტვა გახდა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც გამოთქვა დამოუკიდებლობის სურვილი.
არ დაგავიწყდეთ, რომ 1831 და 1862 წლებში ლიტვაში უდიდეს ანტირუსულ და ანტიცარისტულ აჯანყებებს ჰქონდა ადგილი, 1990 წლის იანვრის თვეში, როცა საბჭოელებმა ტანკები გამოიყვანეს მთელი ლიტველი ერი გაერთიანდა მათ წინააღმდეგ და აჩვენა არნახული ძალა ერთობის.
მსოფლიოს ხსნა პუტინის დამყაყებული რეჟიმის წინააღმდეგ, სწორედ აქ უნდა დაიწყოს.
ლიტვა, ვილნიუსი ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, განუმეორებელი ესთეტიკის და გამორჩეული ცხოვრების სტილის ქალაქი, მუდამ იზიდავდა მნახველებს საბჭოეთის ყველა მხარიდან. მე მიმოგზაურია სტუდენტობისას ლიტვის პროვინცია ძუკიაში და დიდი ხნის განმავლობაში განუმეორებელი შთაბეჭდილებების ტყვეობაში ვიყავი.
მუდამ ვგრძნობდი, რომ რაღაცით დაუკავშირდებოდა ჩემი ბედი ამ ისტორიით მდიდარ, განუმეორებელ ქვეყანას და ასეც მოხდა.
ვპირდები ქალბატონ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს, გავყვები ლიტვის პირველი და უკანასკნელი მეფის მინდაუგაუსის გზას, არ ვუღალატებს ლიტვას და ლიტველებს, ლიტვა გახდება ჩემი ახალი სამშობლო.
ღმერთი ფარავდეს ამ თავისუფლების მოყვარე ხალხს და ქვეყანას.

სააკაშვილის პირველი განცხადება და უკვე უამრავი შეცდომა:

პირველი – მე მიმოგზაურია სტუდენტობისას ლიტვის პროვინცია ძუკიაში და დიდი ხნის განმავლობაში განუმეორებელი შთაბეჭდილებების ტყვეობაში ვიყავიო, აფერისტობს ნამაღლარი, ვითომც მართლა განუმეორებელი შთაბეჭდილებების ტყვეობაში იყო, სინამდვილეში კი დალია გრიბაუსკაიტეს ეუბნება, ძუკიას გუბერნატორად დამნიშნეო;

მეორე – მსოფლიოს ხსნა პუტინის დამყაყებული რეჟიმის წინააღმდეგ, სწორედ აქ უნდა დაიწყოსო. ეს უკვე პროვოკაციაა, ჯერ მოქალაქეობაც არ მიუნიჭებია და ლიტვას ითრევს სკანდალში, სხვისი სახელით ბრძოლას უცხადებს პუტინს და რუსეთს. კი, მაგრამ სჭირდება კი ლიტვას, ევროპულ ქვეყანას, ნატოს წევრს, ასეთი ბრძოლა?! სულაც არა, ამ ქვეყანამ თავი დააღწია საბჭოეთს და გახდა ევროპული რესპუბლიკა, რაზე აიტკიებს აუტკივარ თავს?!

მესამე – მუდამ ვგრძნობდი, რომ რაღაცით დაუკავშირდებოდა ჩემი ბედი ამ ისტორიით მდიდარ, განუმეორებელ ქვეყანას და ასეც მოხდაო. შენ რა გითხარი, მიხეილ, როგორ გრძნობდი, ტანში გაჟრიალებდა და ლიტვური გრძნობები გივლიდა თუ უბრალოდ გბურძგლავდა? აფერისტი ხარ-მეთქი, ისე მიექანები უცნობ ქვეყანაში, ერთი არ დაგცდენია, საქართველოა ჩემი სამშობლო, მაგრამ ვემსახურები ლიტვასო. ან კი რა უნდა ემსახურო, ვის სჭირდება შენი მსახურება, ანუ მორიგი პროვოკაციები?!

მეოთხე – ვპირდები ქალბატონ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს, გავყვები ლიტვის პირველი და უკანასკნელი მეფის მინდაუგაუსის გზასო. ჰა, ჰა, ჰა… მოდით, ვნახოთ, რა გააკეთა მინდაუგასმა და არა, მინდაუგაუსმა, როგორც მიხა ამბობს (ბიჭო, მეფის გვარი მაინც დაიმახსოვრე ხეირიანად, ბოლო-ბოლო, მოქალაქეობას გაძლევენ). მოკლედ, მინდაუგასმა 1230 წელს გააერთიანა ლიტვის მიწები და შესაბამისად, გააძლიერა სამეფო. ახლა რა უნდა მიხეილს, საით უმიზნებს, ლიტვის მიწები უნდა გააფართოვოს და გასწი-გამოსწიოს აქეთ-იქით?! მოკლედ, ამერიკაში ცხოვრობდა – ჯორჯ ვაშინგტონობას იბრალებდა, საქართველოში იყო – აღმაშენებელი გახლავართო, უკრაინაში ჩაეთესლა – ბოგდან ხმელნიცობა მოუნდა, ლიტვაში ჩათესლებას აპირებს და უკვე მინდაუგასის გზას დაადგა. მესამედ ვამბობ: მაგარი აფერისტია!

მეხუთე – ჩვენი ნამაღლარი პირობას დებს ლიტვის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ჭკვიანად ვიქნებიო. არადა, შორს არაა ის დღე, როცა ქალბატონ დალიას კორუმპირებულად გამოაცხადებს, ლიტვას კი ჩამყაყებულ რესპუბლიკად. მერე დაიწყებს ქვეყნის „გათავისუფლებას“ და შემდეგ სადგური, ანუ სამშობლო იქნება ვინიტუ ინჩუჩუნას ტომი!

სანამ მაკკეინი ცოცხალია, კი მისცემენ ვიღაცები მოქალაქეობას, მაგრამ ის რომ აღარ იქნება, რა ეშველება? არაფერი, როცა აძლევენ, რამე შველის?!

 

გელა ზედელაშვილი

Inline
Inline