კატეგორიის გარეშე

ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრა ერთ-ერთ “პივნოიში”

ძალიან გაბრაზებული ყოფილა ვლადიმერ პუტინი, ძალიან გაბრაზებული, გაცეცხლებული, თურმე ადგილს ვერ პოულობს, ღამ-ღამობით კედლებზე დადის და იფურთხება. თან პერიოდულად მობილურზე რეკავს და ბიძინა ივანიშვილს აგინებს: მე შენი ასე და ისე, აქამდე რატომ ვერ დააპატიმრე მიხეილ სააკაშვილიო?! ივანიშვილი თავს იმართლებს, რა ვქნა, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თავის დროზე პეტრომ შეიფარა, ეხლა კიდევ დადის აეგრე უპასპორტოდ, შენც ხომ იცი, რომ მაგას მაკკეინი აფარებდა ხელსაო!

თურმე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს არაფრის გაგონება აღარ სურს – არ მაინტერესებსო, პეტროც მკიდია და მაკკეინიცო, 10 სექტემბრამდე თუ არ დაიჭერ სააკაშვილს, მთლიანად გადავბუგავ საქართველოს ტყეებსო. არა, ხომ გადავბუგე, უარესს ვიზამო, სოლოლაკსაც შევუნთებ ცეცხლსა ქვემოდანო.

რას ბრძანებთ? საიდან ვიცი ეს ყველაფერი? ეეეჰ, თქვენც ხართ, რააა! საიდან ვიცი და „ნაციონალები“ ლაპარაკობენ, მაგათ ყველაფერი ხუთიანზე იციან. მაგათი მტკიცებით, ისეთ შავ დღეში ყოფილა ბიძინა ივანიშვილი, ისეთ შავ დღეში, მეტი არ შეიძლება. პოროშენკოსთვის უთქვამს, თუ ძმა ხარ, მგონი, 10-ში შენთან მოდის და იქნებ როგორმე სტაცო ხელიო. იმას უთქვამს, ძლივს გავაგდე აქედან, ვეღარ შემოვუშვებო. თუ გვირაბი გათხარა და მაინც შემოიპარა, მაშინ დავაპატიმრებ და შენ გამოგიგზავნიო. ნუ, ეხლა ბატონ ბიძინას თურმე ძაანაც არ უნდა სააკას წამოყვანა, მაგრამ სხვა გზა აღარ აქვს, კრემლიდან ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი უკეთებს „ნაჟიმს“. არა, გასაგებია, ძმაო, შენ შენი ინტერესები გაქვს, მაგრამ დღეში ცხრაჯერ დარეკვა და გინება რაღაა?!

მოკლედ, „ნაცები“ კიდე ისეთ რამეებს ამბობენ, შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ მაგათ ნათქვამს რომ წვეთი არ გაუვა, ესეც ხომ იცით? სხვათა შორის, ხშირად არ იჯერებთ და მერე მართლები აღმოჩნდებიან ხოლმე. ჰოდა, ისაო, ამას წინებზე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი და ბიძინა გრიგოლიჩი ერთმანეთს საიდუმლოდ შეხვდნენ ერთ-ერთ „პივნოიშიო“. რაც მართალია, მართალია, კაცურად მოქცეულა ვლადიმეროვიჩი, მთელი დანახარჯი იმას გადაუხდია. თვითონ დაუპატიჟებია გრიგოლიჩი და აბა, რა უნდა ექნა? კი დაუწუწუნია, მთელი ერთი თვის ხელფასი აქ დავტოვეო, მაგრამ  მოვიფიქრებ რამესო. ჰოდა, „პივნოიში“ დაუდვია ბატონ ბიძინას პირობა, სააკაშვილს დავიჭერ და ისე დავსჯი, შენ რომ მოგეწონება, არ ვაპატიებ, თავის დროზე „ლილიპუტინს“ რომ გეძახდაო. ვოვას უთქვამს, შენც არანაკლებ გამკობს რაღაც ეპიტეთებითო, მარტო ჩემს გამო არ უნდა დასაჯოვო. კი, კი, აუცილებლად, მაგას ისე გავუხდი საქმეს, საერთოდ დარჩეს ჰაერში და აუცილებლად დავიჭერო. აი, ეს პირობა ჭიანურდება თურმე ძალიან, „პივნოიში“ შეხვედრის შემდეგ თვეზე მეტი გასულა.

p.s. არ გჯერათ, ხომ? რავი, აბა, არც მე მჯერა, მაგრამ მეგი რომ ამბობს, ნუგზარა რომ ამბობს, მაია რომ ამბობს, კობაიე რომ ამბობს, ბარამა რომ ამბობს და კიდევ… ათასი ოხერი და მამაძაღლი რომ ამბობს, რაფერ არ დავიჯერო? ეგ კი არა, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალმა“ შაქრომ მითხრა კახეთში, ნაღდად ეგრე ყოფილა, წვეთი არ გაუვაო.

 

გელა ზედელაშვილი