კატეგორიის გარეშე

ევროპიელი გურჯები

დიახაც, ესენი არიან ევროპიელი გურჯები. ამათი წინაპრები (მე-19 საუკუნეში) იყვნენ ფრანციცული გურჯები. მიდიოდნენ ფრანციაში, მიედ-მოედებოდნენ, თეთრ ხელთათმანებს შოულობდნენ, ტანისამოსსაც იცვლიდნენ, ორიოდე ღერ (მადაააამ) ფრანციცულს სწავლობდნენ, მერე ჩამოდიოდნენ და ტანის წლაწვნის თანხლებით ამტკიცებდნენ, რომ უაღრესად ღრმა განათლება მიიღეს. ჰო, “კარტული რომ აგარ ეკერკებოდათ”, რაღაც გაუგებარ ენაზე ბოდიალობდნენ და აქაურებსაც მართლა განათლებულები ეგონათ. დაიქცა და დაიღუპა ეს ქვეყანა იმათ ხელში. სხვათა შორის, ამათი წინაპრების ერთი ნაწილი რუსეთში იმას შვრებოდა, ზიზილ-პიპილებს აგროვებდა, ჩინ-მედლებს იკიდებდა, მეფის მსახურებაზე ოცნებობდა და ხშირად აღწევდა კიდეც. ბევრი გვარსაც იცვლიდა, თუ იყო ქიბროწაშვილი, “დაკუმენტში” ეწერა ქიბროწაევი. აბა, როგორ, ხომ უნდა დაწინაურებულიყვნენ მაღალ საზოგადოებაში, სადაც ასევე იგრძნობოდა ფრანციცული გავლენა?!

გამოხდა ხანი… მოასკდა რევოლუცია ვეებერთელა რუსეთს და გადმოინაცვლა საქართველოშიც. ფრანციელი გურჯები უცებ გადაიქცნენ ბოლშევიკ გურჯებად. გადაიცვეს ტყავის ქურთუკები, გულზე დაიბნიეს ვარსკვლავები და მოედვნენ ქვეყნიერებას – ვისაც ვერ იტანდნენ, დახვრიტეს, გააციმბირეს, გააკულაკეს და დაამყარეს ძმობა, ერთობა, თანასწორობა. ახლა კრემლი გახდა მათი ნავსაყუდელი და საფიცარი, პარტიას ამოეფარნენ და მიჰყავდათ “პარადი” ყველა სფეროში!

დაინგრა ეს ოხერი საბჭოეთიც, დაინგრა და უცებ გადაიქცნენ ევროპიელებად, ანუ ევროპიელ გურჯებად. ნატოში გვინდაო, ევროკავშირშიცო, საბჭოეთი ხიხია იყოვო, რუსეთი მტერიავო. ადრე არ იყო თურმე ხიხია და მტერი, თუმცა ამასაც ვერ ათქმევინებ, პირიქით, კომუნისტურ პარტიაში შემძვრალ-გამოზრდილები, ყოფილი “კამსამოლები” მიკითხავენ ლექციებს, ადრე ცხოვრება შავ-თეთრი იყო, ჩვენ ფარულად ვიბრძოდით და დავშალეთ კიდევაც სუსურუკუო. არადა, ვინც მართლა იბრძოდა, ისინი ჩახოცეს, ომი გამოუცხადეს, რუსთაველი გადაწვეს. მოსკოვიდან ცეკას ყოფილი მდივანი ჩამოიყვანეს, თუ გვიშველის, ეს გვიშველის, ევროპაში ნაცნობ-მეგობრები ჰყავსო. დიახაც, უცებ გახდა ცეკას მდივანი ევროპულად მოაზროვნე ტიპი და მის გარშემო დაიწყეს “დავლური”!

მერე ესეც ამოუვიდათ ყელში, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ზემო თაროზეო. ცეკას მდივანი გააგდეს და მოვიდნენ ტაშის გრიალით. თუმცა “კამსამოლობას” ვერ გადაეჩვივნენ, ცალყბად რომ ევროპიელობაზე ლაპარაკობდნენ, მეორე ყბად რუსებს ეკურკურებოდნენ და სტრატეგიულ ობიექტებს სჩუქნიდნენ. ერთი მხრივ რომ საბჭოთა წარსულს აგინებდნენ, მეორე მხრივ საბჭოთა მოღვაწეს, ჰეიდარ ალიევს ძეგლს უხსნიდნენ და მისი სახელობის სკვერს აკეთებდნენ, ერთ-ერთ სანაპიროს მის სახელს არქმევდნენ. თუ ეგრეა, მაშინ ჩვენი ცეკას მდივნისთვისაც უნდა დაედგათ ძეგლი და ყოველდღე სანთლები დაენთოთ, ბოლო-ბოლო, ამათი მამა და მარჩენალი იყო. არა, ქართველს ძეგლს როგორ დაუდგამდნენ? აი, ჰეიდარს ეკუთვნოდა, იმდენი რამე გააკეთა საქართველოსთვის, სირცხვილი იქნებოდა მისი ძეგლის არგახსნა. თანაც მისი ბიჭი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტია, ნავთობი აქვს, თავი ხომ უნდა მოვუქონოთ?!

ჰოდა, ესენი ახლა ევროპიელი გურჯები არიან. პლაკატებს წერენ და ქართულად არც კი თარგმნიან, ბოლნისელებსა და მარნეულელებს უკრავენ ცხვირწინ. ღმერთმა ნუ ქნას, ისევ რუსული “პარიადკა” დამყარდეს საქართველოში, ესენი ისევ ჩაიცვამენ ტყავის ჩემჩიკებსა და “ბუშლატებს”, ევროპიელები არა, იხვის ტოლმა, ეგრევე გადაიქცევიან გაუგებარ წარმონაქმნებად – ბოლშევიკებად და გადაჯეკავენ ქვეყანას. რაღა დარჩა რო? ჯანდაბას, რაც დარჩა, ამასაც თავიანთ ტანზე მოირგებენ. თუ რუსი არ მოვა, სხვა მოვა, რომელიმე ევროპიელი, ან ამერიკელი და იმას გაუგორდებიან ფეხებში. არაფერი გაგიკვირდეთ, ამათი წინაპრები ერთ დროს ფრანციცული გურჯები იყვნენ, მერე რუსი გურჯები, ახლა ესენი ევროპიელი გურჯები არიან. ეს გარეგნულად, ერთი შეხედვით, თორემ შინაგანად როცა რა აწყობთ, ისინი არიან!

ლევან ნატროშვილი