საზოგადოება

ქარიშხალი ჭიქაში

ამ დღეებში რაღაც მოხდა, ფეხბურთელმა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად ჰოლანდიის “ვიტესში” გამოდის, იქვე, ერთ-ერთ თამაშზე “ელგებეტეების” ცისარტყელიანი სამკლაური გაიკეთა და მინდორზე გამოვიდა. რა მოხდა მერე? გაიკეთა და გაიკეთა, თუ უნდა ისე უქნია, სამკლაური გულის ფიცარზე დაუკიდებია. კაცმა თქვა, ძმობა, ერთობა, თანასწორობაო, მე არ მაინტერესებს, ვის რა ცხოვრება აქვს, ყველას პატივი უნდა ვცეთო. რაზეა ბაზარი? ვცეთ და ვცეთ, რა საჭიროა ამაზე მთელი დუნიის შეყრა და რაღაცების მტკიცება? პრინციპში, ეს ყველაფერი იყო იქ, ჰოლანდიაში, თავისუფლებისა და უფრო იმაზე მეტად თავისუფლების (სიგიჟეებში რო გადადის ხოლმე) ოაზისში, მაგრამ საქართველოში ეს აქცია არ გამოჰპარვიათ, აიტაცეს და რა აიტაცეს, სიმონ, დატრიალდა ქარიშხალი ჭიქაში, გადავიდა ტელევიზორებში და აჰყვა სოციალური ქსელებიც – რაიო? ეს რიგორ, “ელგებეტეებმა” სპორტშიც შეაღწიესო? მერე ჩვენი შვილები და შვილთაშვილებიო? ეგ რაღა ქართველობაა (გეგონება, სხვა სფეროებში მაგრად ვქართველობთ), რაღა ჯიგრობა და ტრადიციაა, ეგეთი პროპაგანდა ვის გაუგიაო?! ეგე თუ არ გაუგია, ფაქტია, ვერაფერს იზამ, ძალიან ბევრი ამით ტრაბახობს, თავს იწონებს, თანასწორობას ქადაგებს, უფრო სწორად, თანასწორობას უსვამს ხაზს, ნახეთ, რა კაცთმოყვარე გახლავართო. არადა, ეგეთი “კაცთმოყვარეები” გადაგთელავენ ცხოვრებაში, თუ დასჭირდათ. გადაგთელავენ და შუბლში ტყვიასაც დაგაჭედებენ!

ჰოდა, იმას ვამბობდი, აირია მონასტერი, კაშიას ეს რა უქნია, ჩვენ სტადიონზე ვეღარ გამოვა, მის ფეხქვეშ მინდორი უნდა იწვოდესო! “რიჟა ბაზარი”. გამოვა კიდევაც და ბურთსაც გააგორებს, რა პრობლემაა? მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს “ელგებეტური” პროპაგანდა, მაინც კაშიას საქმეა, მკლავზე რას გაიკეთებს და რა ფერის ბუცებს ჩაიცვამს, თანაც ჰოლანდიაში. ტყუილად ატეხეს ერთი ამბავი ჩვენში, ალბათ, არ ღირდა ამხელა ყურადღებად და სატელევიზიო გადაცემების მომზადებად, საიდანაც უცეცხლო კვამლი ამოდიოდა და დაუსრულებელი ისტერიკა მოედინებოდა!

რა დააშავა გურამ კაშიამ? – დასვა სწორი შეკითხვა თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ და ვერავინ უპასუხა. რა პრობლემაა, თუკი კაშია რაღაც სამკლაურით გამოვა ჰოლანდიის ჩემპიონატშიო, – თქვეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა და მიუხტნენ “ქართული მარშის” წარმომადგენლები ოფისთან, გამართეს გამიშვი-დამიჭი, არიქა, მოგვდევენ, გვიჭერენ, გვაპატიმრებენო! იყო პირდაპირი ჩართვები, დადგა კორიანტელი, იყო ბათქი-ბუთქი საახალწლო ფეიერვერკებისა. სტაცეს ხელი ბათქისა და ბუთქის რამდენიმე მოყვარულს და გააქანეს პოლიციაში იმ მოტივით, რომ მეორე დღეს გამოუშვებენ, თან ხელწერილებს დააწერინებენ, მეტს აღარ ვიზამთო!

ვინ არის გურამ კაშია? ზოგი ამბობს, “უწარმატებულესი” ფეხბურთელიაო, ზოგი იძახის, ყანაში ბურთი გააგორა და თავი კიტრი ჰგონიაო. რავი, უწარმატებულესი მე ვიცი რონალდო. ყანაში გააგორა ბურთი თუ მინდორში, ეგეც ნაკლებად საინტერესოა, ყველაფერი იზომება ჩვენი ნაკრებისა და კლუბების შედეგებით. ვხედავ, აქ სრული წყვდიადია. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს კაშიას თავისი სამკლაური, რომელიც უკვე აცხადებს, გასახდელში შევედი, ფერადი სამკლაური იდო, ავიღე და გავიკეთეო. გამოდის, არც კი იცოდა, რას აკეთებდა. თუმცა მე არ მჯერა. არც ეგაა მთავარი, მე რა მჯერა და რა – არა, გაიკეთა და გაიკეთა, ზაზა პაპუაშვილის თქმისა არ იყოს, სულ ფეხებზე მკიდია! აი, მე ის მაწუხებს, რატომ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ რაღაც სისულელეებზე სპექტაკლებს გვიწყობენ და ჩვენც სიამოვნებით ვმონაწილეობთ? ამიხსენით, რატომ გვითრევენ ტელევიზიები (სადაც დიდი ფული იხარჯება) თავიანთივე დადგმულ მარაზმებში? რატომ ვხოცავთ ერთმანეთს ერთი სამკლაურის გამო? აგერ, ტიპი იძახის, არ ვიცოდი, რა იყო, ავიღე და გავიკეთეო. ჰა, ჰა, ჰა… ჩვენ კიდე აქ გადავხანით ერთმანეთის მინდორ-ველები!

აჰა, ვიკამათეთ, ვლანძღეთ ერთმანეთი, ვაფურთხეთ, მიტინგიც მოვაწყეთ, ასფალტზეც ვიგორავეთ, მერე რა, რა დავიჭირეთ? არაფერი, უფრო ავწიეთ ტემპერატურა “ელგებეტეების” სასარგებლოდ. ხვალ ისინი გააგზავნიან ვიდეოებს ევროპულ სტრუქტურებში და მიიღებენ უფრო მეტ დაფინანსებას. ჩვენ კი… ეეეჰ, ჩვენ დაგვრჩა მინდორი მოუხნავ დაუთესავი, ყანა გაუთოხნავ-მოურწყავი, ვაზი გაუსხლავი, გზა გასაყვანი… რამდენი რამე ჩამოვთვალო? მერე ნუ კითხულობთ ღიპიანი ყმაწვილებივით: გვეშველება რამე? სანამ ერთი მუჭა ქართველები ასე ვირბენთ სფალტზე, არაფერი გვეშველება!

გელა ზედელაშვილი