ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე

საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი მიზანდასახულად ნერგავს უიმედობის, სასოწარკვეთილებისა და შიშის ატმოსფეროს.
„არაფერია, უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს, მაგრამ უცნაური და გაუგებარი ის არის, რომ საქართველოში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც სიმართლეს ეტყოდა და გასაგებად აუხსნიდა ადამიანებს, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში მრავალი ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა და რომ, ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს, ეკონომიკა წელიწადში ხუთი ან ექვსი კი არა, არამედ 600 პროცენტით გაზარდოს. მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, რაც ჩვენი ხალხის განსაკუთრებული მონაპოვარი და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ არსებული ხელისუფლების დამსახურებაა, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება. რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიების ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილებისა და შიშის ატმოსფეროს. ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ ქვეყანა ინგრევა – ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს, ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგია, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია, ეს ბრალდებები სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იყენებენ და გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.