გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი ყველა გადაწყვეტილება გუშინაც, დღესაც და ხვალაც ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას

გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი ყველა გადაწყვეტილება გუშინაც, დღესაც და ხვალაც ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას

ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში, – აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დათანხმდა, უხელმძღვანელოს პარტიას.
„აუცილებელია, პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით. ჩვენს პოლიტიკურ ძალას – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვამ მოუწია. ეს გზა არ იყო მარტივი. ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭიდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო, თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის თითოეული ნაბიჯი ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება. „ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველი ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება; ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყველა გადაწყვეტილება გუშინაც დღესაც და ხვალაც ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ გუნდმა უმთავრეს პრიორიტეტად ადამიანის ყველა ძირითადი უფლების დაცვა დაისახა მიზნად. „2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და 2016 წლიდან ჩემი მეთაურობით, უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ყველა ძირითადი უფლების დაცვა. სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის თავისუფლება, სიცოცხლისა და საკუთრების უფლება – დემოკრატიული სახელმწიფოს ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.